Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის ემოციური სიტყვა: "დაბადების დღეს გილოცავ უკრაინა!"


უკრაინის დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვრცელი და ემოციური სიტყვით მიმართა უკრაინელ ხალხს.

„ჩემი ყოველი დღე იწყება სმს შეტყობინებით. ეს არის გენერალური შტაბის შეტყობინება: გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის გახსნა - 7, დანაკარგი - 2. ციფრები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ერთი რამ აქცევს დილას მშვიდობიანად. ესაა ნული. ცეცხლის გახსნა - 0, დანაკარგი - 0. მოდით, მადლობა ვუთხრათ იმათ, ვისი წყალობითაც დღეს ჩვენ აქ ვდგავართ - კაშკაშა მზისა და ლურჯი ცის ქვეშ. და რომ ამ ოვაციებმა მიაღწიონ ჩვენს დამცველებამდე, რომლებიც ახლა ქვეყნის აღმოსავლეთში იცავენ უკრაინას. სწორედ თქვენი წყალობით აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის 28-წლისთავს!“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეტალურად გაიხსენა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი წლები; ბრძოლა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სახის პრობლემების დასაძლევად; გაიხსენა წარმატებები და მარცხი, თუმცა დამოუკიდებლობის წლებიდან საგანგებოდ გამოჰყო 2014 წელი და შენიშნა, რომ 2014 წლამდე განსხვავებული წლები ჰქონდა უკრაინას, განსხვავებულად რთულიო.

„როცა უკან ვიხედებით, შეიძლება ვთქვათ, რომ განსაზღვრულ მომენტამდე უზრუნველიც კი იყო ეს წლები, მერე კი ჩვენს უკრაინულ მიწაზე მოვიდა ომი, რომელსაც ყველანი ერთად დავუხვდით, მთელი ქვეყანა. და მართლაც, მთელი ქვეყანა აგროვებდა ჯავშანჟილეტებს, მედიკამენტებს, საწვავს. მთელი ქვეყანა მიჯაჭვული იყო ინტერნეტსა და ტელე-ეკრანებს, ელოდებოდა ცნობებს აღმოსავლეთიდან, ცნობებს, რომლებშიც სიტყვები ჰკარგავდნენ აზრს, თვალწინ გვიდგებოდა მხოლოდ სახელები - სახელები დაღუპული გმირებისა და დასახლებული პუნქტებისა. რაც უნდა პარადოქსული იყოს, მაშინ ჩვენ მეორედ დავიბადეთ როგორც ქვეყანა და როგორც საზოგადოება. გავერთიანდით და გავიხსენეთ ის დავიწყებული გრძნობა, რომელსაც განიცდის ადამიანი, როცა სამშობლოთი ამაყობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლიერებითა და სიამაყით აღნიშნა, რომ უკრაინამ, ცალკეული მოქალაქეების სიცოცხლის ფასად, შეინარჩუნა და განიმტკიცა დამოუკიდებლობა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ვრცელი და ემოციური სიტყვა დაასრულა ახალ, მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღზე ოცნებით და განაცხადა, რომ ეს თარიღი - არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ დღეს და თვეს - იქნება მშვიდობის დადგომის თარიღი.

„მაშინ ჩემი დღე დაიწყება სმს შეტყობინებით: გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში დაიბადა ათასი ვაჟი და ათას ერთი გოგო.

დაბადების დღეს გილოცავ უკრაინა!

დიდება უკრაინას!“ - ამ სიტყვებით დაამთავრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი გამოსვლა უკრაინის დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავისადმი გამართულ ღონისძიებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG