Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ტანკერი თურქეთისკენ იღებს გეზს


ირანის დროშით მცურავი ტანკერი, რომელიც გიბრალტარში გააჩერეს, და რომლის თაობაზე აშშ-მა დაკავების ორდერი გაავრცელა, ახლა მიემართება თურქეთის ნავსადგურისკენ.

ტანკერ „ადრიან დარია 1“-ის ეკიპაჟმა ადრე გამოცხადებული მიმართულება შეცვალა და 24 აგვისტოს „ავტომატური ამოცნობის სისტემაში“ დანიშნულების პუნქტად თურქეთის ნავსადგური მესრინი შეიტანა.

ექსპერტების თანახმად, ეკიპაჟს შეუძლია დანიშნულების ნებისმიერი პუნქტის სისტემაში შეტანა. საზღვაო ტრანსპორტის ვებსაიტის, MarineTraffic.com-ის თანახმად, ამ წუთში გემი, რომელიც გიბრალტარში დაკავების შემდეგ იწოდება „ადრიან დარია 1"-ად, ხოლო მანამდე „გრეის 1“ ერქვა, ახლა სიცილიის სამხრეთში იმყოფება.

მერსინი თურქეთის ნავსადგურია, სადაც სანავთობო ტერმინალი მუშაობს. ის 200 კილომეტრშია სირიის ქალაქ ბანიასის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან. ივლისში, გიბრალტარში დაკავებამდე ტანკერის დანიშნულების პუნქტი სირია იყო.

მასზე 130 მილიონი დოლარის საფასურის ნედლი ნავთობია.

აშშ-მა ტანკერის დაკავების ორდერი გაავრცელა, რადგან, როგორც ვაშინგტონი აცხადებს, ის დაკავშირებულია ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსთან, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.

გიბრალტარიდან, სადაც ის დაკავებიდან 40-ზე მეტი დღის შემდეგ გაუშვეს, ტანკერი გაათავისუფლეს პირობით, რომ ნავთობს სირიაში არ ჩაიტანდა. ეჭვობდნენ, რომ ტანკერმა დაარღვია ევროკავშირის სანქციები სირიის მიმართ.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც ვაშინგტონმა დატოვა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება.

XS
SM
MD
LG