რუსეთის კოსმოსური ხომალდის, „სოიუზის“ ახალმა მოდელმა, რომელზეც იმყოფება რუსეთის ადამიანის მსგავსი პირველი რობოტი, ვერ მოახერხა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირება.
რუსეთის სააგენტო ინტერფაქსის თანახმად, ავტომატური შეპირაპირების სისტემამ ვერ მოახერხა ხომალდის სტაბილიზება და სადგურთან მიახლოვების დაწყება.
შეპირაპირების შემდეგი მცდელობა 26 აგვისტოს მოხდება. აშშ-ის და რუსეთის კოსმოსურმა უწყებებმა, „ნასამ“ და „როსკოსმოსმა“ განაცხადეს, რომ ექვსკაციან ეკიპაჟს სადგურზე საფრთხე არ შექმნია.
„სოიუზის“ ახალ ვერსიაზე, რომელიც ბაიკონურის კოსმოდრომიდან 22 აგვისტოს გაფრინდა, იმყოფება რობოტი „ფედორი“, (Final Experimental Demonstration Object Research). რობოტმა სტარტისას „წარმოთქვა“ კოსმოსში პირველი ადამიანის, იური გაგარინის ცნობილი სიტყვები „პოიეხალი!“ (წავედით!).
რობოტს, რომელიც 1,80 მეტრის სიმაღლისაა და 160 კილოგრამს იწონის, აქვს ინსტაგრამის და ტვიტერის ანგარიშები.
„როსკოსმოსის“ ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, „ფედორი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის ეკიპაჟის წევრებს დაეხმარება მარტივი ამოცანების შესრულებაში, ხოლო მისი მომავალი ვერსიების ფუნქციები უფრო რთული იქნება.