Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი: „დიდი შვიდეულს“ ახლა უფრო მეტი მიზეზი აქვს არ ჰყავდეს რუსეთი თავის რიგებში


ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება, დაუბრუნდეს რუსეთი „დიდი შვიდეულს“, მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების ჯგუფს. ტუსკმა ამის თაობაზე განაცხადა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც დაიწყო 24 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.

ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ახლა უფრო მეტი მიზეზი არსებობს, არ მიიღოს „დიდმა შვიდეულმა“ მოსკოვი თავი რიგებში.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი იქნება ერთიანობის და სოლიდარობის გამოცდა, რადგან მისმა ლიდერებმა ვერ გამონახეს საერთო ენა მიმდინარე წელს, განაცხადა ტუსკმა 24 აგვისტოს ბრიფინგზე, ბიარიცში. ტუსკმა ასევე თქვა, რომ სავაჭრო ომები შვიდ მდიდარ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო მეტად ავნებს მათ შორის ნდობას. ტუსკის თქმით, თუ ტრამპი ტარიფებს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს, ეს საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს.

სამიტი სამ დღეს გასტანს. მისი მთავარი თემებია ირანის ბირთვული პროგრამა და ამ ჯგუფში რუსეთის მოსალოდნელი დაბრუნება.

სამიტში მონაწილეობენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. შეხვედრა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს, იმართება საკურორტო ქალაქ ბიარიცში, სადაც ასევე ჩასული არიან გერმანიის, კანადის, იტალიის და იაპონიის ლიდერები, მათთან ერთად კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, როგორც სტუმარი, რომელიც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან ქაშმირის თაობაზე.

ვაშინგტონიდან გაფრენის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან პროდუქტიულ“ შეხვედრებს მოელის. ტრამპმა საფრანგეთს მოუწოდა, უარი თქვას გეგმაზე, დაუწესოს სავაჭრო გადასახადი „გუგლსა“ და „ფეისბუკს“.

მაკრონმა თქვა, რომ აპირებს ტრამპს მოსთხოვოს ბიომრავალფეროვნების დაცვის თაობაზე პოტენციურად სადავო ქარტიაზე ხელის მოწერა ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში გამანადგურებელი ხანძრის გავრცელების ფონზე.

სამიტის ოფიციალურ დაწყებამდე ტრამპმა და მაკრონმა ერთად ისადილეს. მოგვიანებით გაიმართა სამიტის მონაწილეთა სამუშაო ვახშამი.

მთავარი ყურადღება მიმართულია ტრამპის ურთიერთობისკენ „შვიდეულის“ სხვა წევრებთან. ვაშინგტონმა წელს მოითხოვა ევროპელი მოკავშირეებისგან, დახმარებოდნენ მას ირანზე "მაქსიმალურ ზეწოლაში", დამჯდარიყო თეირანი მისი ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკების მაგიდასთან. ბრიტანეთის დიპლომატიურმა წყარომ "როიტერსს" განუცხადა ბიარიცში, რომ „ჩვენ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მტკიცე მომხრეები ვართო“.

მოელიან, რომ ტრამპს წინააღმდეგობა შეხვდება, თუ გამოვა წინადადებით, კვლავ „დიდ შვიდეულში“მოხვდეს რუსეთი, რომელიც „დიდი რვიანიდან“ გაიწვიეს უკრაინის მიმართ მისი პოლიტიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG