Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გირაოს თანხა გადაიხადეს


„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700 000 -700 000 ლარი. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ადანაშაულებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 24 ივლისს, ხოლო 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა 700 000 ლარის გირაო. თანხის გადასახდელად მათ ერთი თვის ვადა ჰქონდათ.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს პროკურატურის ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე აკრძალული აქვთ საქართველოს დატოვება.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას სრულ აბსურდს უწოდებენ.

„დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ის არის ამ ქვეყნის დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები. მე გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა და ჭაობი შეიცვალოს. მე გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე. და ისინი სახლში წავლენ“ - განაცხადა 26 ივლისს, სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ, რომელიც სექტემბერში აპირებს პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას.

XS
SM
MD
LG