Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მეორე დემონსტრანტ წყვილს ემუქრება მშობლის უფლებების ჩამორთმევა


ერთ თვეზე ნაკლებ დროში უკვე მეორედ, მოსკოვის ერთ-ერთ პროკურორს სურს მშობლის უფლებები ჩამოართვას წყვილს, რომელმაც თავიანთი შვილები რუსეთის დედაქალაქში გამართულ აქციაზე მიიყვანა.

უფლებადამცველი ჯგუფი, "პროტესტის აპოლოგია" აცხადებს, რომ ნიკულინსკის რაიონის პროკურორმა ადგილობრივ სასამართლოს ოფიციალურად მიმართა თხოვნით მშობლის უფლებები ჩამოერთვას პიოტრ და ელენა ხომსკიხებს, რომლებმაც 3 აგვისტოს თავიანთი შვილები მიიყვანეს არასანქცირებულ დემონსტრაციაზე. აქცია იმართებოდა ადგილობრივი არჩევნების პირობების გასაპროტესტებლად.

"პროტესტის აპოლოგია", რომელიც წყვილს სასამართლოში დაიცავს, იუწყება, რომ პიოტრ ხომსკიხს აღწერენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის და კორუფციასთან მებრძოლი ფიგურის, ალექსეი ნავალნის მცველად. ხომსკიხები და მათი შვილები მოხვდნენ აქციაზე გადაღებულ ვიდეოჩანაწერში.

ნიკულინსკის რაიონის სასამართლომ სააგენტო "ინტერფაქსს" დაუდასტურა ამ საქმის არსებობა და დასძინა, რომ განხილვა 2 სექტემბრისთვის დაინიშნა.

ეს პროცესი მსგავსია 6 აგვისტოს მომხდარი ამბისა, როცა მოსკოვის პროკურატურამ მშობლის უფლებების ჩამორთმევა მოითხოვა დმიტრი და ოლგა პროკაზოვებისთვის, რომლებმაც თავიანთი 1 წლის ვაჟი მიიყვანეს მოსკოვის მერიის შენობასთან 27 ივლისს გამართულ, არასანქცირებულ აქციაზე.

პროკურატორის იმ ნაბიჯს მწვავე კრიტიკა მოჰყვა მოსახლეობის და რუსეთის მასშტაბით მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან.

მოსკოვში ბოლო კვირებში გაიმართა რამდენიმე სანქცირებული და არასანქცირებული აქცია, რომელთა მონაწილეებიც მოითხოვენ დამოუკიდებელ და ოპოზიციურ კანდიდატებს მონაწილეობის უფლება მიეცეს მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებში.

27 ივლისს პოლიციამ დააკავა 1300-ზე მეტი პირი, 3 აგვისტოს დააპატიმრეს კიდევ 1000-ზე მეტი მოქალაქე.

მას შემდეგ ათობით დემონსტრანტი დააჯარიმეს, ან პატიმრობა მიუსაჯეს არასანქცირებული აქციების ორგანიზების, ან მათში მონაწილეობის გამო.

სხვებს ბრალდება "მასობრივ არეულობაში" მონაწილეობა და პოლიციაზე თავდასხმა. მათ სულ მცირე 27 სექტემბრამდე წინასწარ პატიმრობაში ამყოფებენ.

XS
SM
MD
LG