Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალაზნის ველზე აღმოაჩინეს ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები


საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ალაზნის ველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად დაახლოებით ძვ.წ. V-IV საუკუნეების სასახლის ნაშთები გამოვლინდა.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი.

„1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის სვეტები კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურით ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც, სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო“,- ნათქვამია ეროვნული მუზეუმის ინფრმაციაში.

ნაშთებზე დაკვირვება მეცნიერებს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა და ქრისტეს შობამდე დაახლოებით V-IV საუკუნეებით უნდა დათარიღდეს.

„ზარისებრი ბაზისების ფორმა შემუშავდა ძვ.წ. V საუკუნის დასაწყისში აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ცენტრებში - სუზასა და პერსეპოლისში და ლოტოსის ორნამენტიც აქემენიდური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე პერიოდს, ძვ.წ. V საუკუნეს, განეკუთვნება ახლადაღმოჩენილი ნაგებობიდან სულ ორიოდე კილომეტრში, 1994-1995 წლებში, გათხრილი ე.წ. გუმბათის სასახლე, რომლის ზარისებრი ბაზისები საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმშია გამოფენილი“,- ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG