Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ამბობს, რომ "სწორ" პირობებში მზადაა როჰანისთან შესახვედრად


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ დათანხმდებოდა ირანის პრეზიდენტთან, ჰასან როჰანისთან შეხვედრას, თუ საამისო "პირობები სწორი ან მართებული იქნებოდა".

ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ვაშინგტონი გამოეთიშა 2015 წელს გაფორმებულ, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვულ შეთანხმებას თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის და ირანის ეკონომიკას აღუდგინა სანქციები. ხელშეკრულებაში რჩება კიდევ ხუთი ხელმომწერი, მათ შორის საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია. ამ ხელშეკრულებით ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. თუმცა, მას შემდეგ, ირანმა შეამცირა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხი.

საფრანგეთში გამართულ დიდი შვიდიანის სამიტზე ტრამპმა 26 აგვისტოს თქვა: „მე მინდა მართლა ძლიერი ირანი, ძალიან ძლიერი, ჩვენ არ ვცდილობთ რეჟიმის შეცვლას. თქვენ ნახეთ, რა ხდებოდა ბოლო ოც წელიწადში, არ იყო ეს კარგი“. ტრამპის თქმით, ირანს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს და მართლა დიდი სახელმწიფო გახდეს". ტრამპმა დასძინა, რომ ირანმა "ტერორიზმი უნდა შეწყვიტოს".

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყურადღების მკვეთრი გადატანა მოხდა ირანზე მას მერე, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი მოულოდნელად ჩავიდა იქ, რათა თავის კოლეგებთან თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დიპლომატიური შიხიდან გამოსავალზე ემსჯელათ. ტრამპმა რეპორტიორებს უთხრა, რომ მან იცოდა ზარიფის ჩამოვლის შესახებ და განაცხადა, რომ არ სურდა მასთან შეხვედრა. „ვფიქრობ, მასთან შეხვედრა ნაადრევია“, დასძინა ტრამპმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG