Accessibility links

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობაზე მეორე წრეში გავიდნენ


ნიკოლოზ ბასილაშვილი

ჩოგბურთში, ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ორი ქართველი ითამაშებს. ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებებს ჩოგბურთის ქართველი გულშემატკივრები უკვე შეეჩვივნენ. მარიამ ბოლქვაძეს კი ამ რანგის შეჯიბრებაზე ასეთი შედეგი აქამდე არასოდეს უჩვენებია.

მსოფლიოს რეიტინგში მე-18 ადგილზე მყოფი ბასილაშვილი პირველ წრეში უხერხულ მეტოქეს - უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65-ე ჩოგანი) შეხვდა და ხუთსეტიან ბრძოლაში დაამარცხა - 3:6 6:4 6:2 3:6 6:3.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 394-ე ადგილზე მყოფი ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იქნება, რომელმაც კვალიფიკაციის გავლის შემდეგ, ძირითად ბადეში გამოსვლა ჩეხი ტომაშ ბერდიხის ძლევით გახსნა.

21 წლის მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე მსოფლიოს რეიტინგში 202-ე ადგილს იკავებდა. საქმეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება და ძირითადი ბადის საგზურის მოსაპოვებლად სამი მეტოქე დაამარცხა: ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი (101-ე ჩოგანი) 6:4 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6 6:2 7:5 და ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4 2:6 6:4.

დღეს, პრესტიჟული ტურნირის პირველ ტურში მარიამი ამერიკელ ბერნარდა პერას (65) დაუპირისპირდა და თითქმის ორსაათნახევრიან შეხვედრაში აჯობა - 6:3 5:7 6:4. ამ გამარჯვებით მარიამმა 50 სარეიტინგო ქულა და 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა. მსოფლიოს რეიტინგში კი 170-ე ადგილამდე დაწინაურება გაინაღდა.

მეორე წრეში მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს მესამე ჩოგანს, ჩეხ კაროლინა პლიშკოვას ეთამაშება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG