რუსეთმა ვიზა არ მისცა ვისკონსინის შტატის სენატორს, პუტინის პოლიტიკის აქტიურ კრიტიკოსს, რონ ჯონსონს.
რესპუბლიკელი სენატორი მოსკოვში გამგზავრებას და მთავრობის, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალ კვირაში გეგმავდა აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად.
„გზა, რომელიც ვლადიმირ პუტინმა რუსეთისთვის აირჩია, ისტორიული მასშტაბების ტრაგედიაა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კანონის უზენაესობის პატივისცემის და დასავლურ დემოკრატიებთან რუსული ეკონომიკის ინტეგრაციის ნაცვლად, პუტინი შეიჭრა საქართველოში, მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია, ომი წამოიწყო უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა და მხარი დაუჭირა სირიის ბარბაროსულ რეჟიმს, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა“ - წერს თავის ვებსაიტზე სენატორი ჯონსონი.
რესპუბლიკელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ დიპლომატიური თამაშის გაგრძელება სამწუხაროა, თუმცა, მიუხედავად იაფფასიანი შეურაცხყოფისა, გააგრძელებს რუსული აგრესიისთვის მტკიცე პასუხის გაცემის და გულწრფელი დიალოგის მხარდაჭერას.
სენატორი ჯონსონი ინიციატორია არაერთი კანონპროექტისა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთისთვის პასუხიმგებლობის დაკისრებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის და დისიდენტებზე თავდასხმების გამო.
რონ ჯონსონი იყო ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოსთან მდებარე ქუჩისთვის მოსკოვში 2015 წელს მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელის დარქმევის ერთ-ერთი ინიციატორი. სენატორმა ჯონსონმა მხარი დაუჭირა სანქციებსაც რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის მონაწილეთა წინააღმდეგ.
ვაშინგტონში რუსეთის საელჩო ირწმუნება, რომ სენატორ ჯონსონს ვიზისთვის არ მიუმართავს და არც მოსკოვში ვიზიტის თაობაზე უცნობებია. რუსი დიპლომატები რონ ჯონსონის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამერიკელი სენატორი მზად არის არა დიალოგის, არამედ კონფრონტაციისთვის.