Accessibility links

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრიტანული ანგარიშების დაყადაღებასაც ითხოვს


„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სახელმწიფო სტრუქტურებს ადანაშაულებენ მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების გაგრძელებაში.

27 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და აცნობა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში და ბრიტანეთში მათი ფულადი სახსრები შესაძლოა, კრიმინალური წარმომავლობის იყოს.

„ბრიტანელი კოლეგები ცხადია, ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება, ამ შემთხვევაში, არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი“ - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, სახელმწიფო სტრუქტურები განაგრძობენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას და ეს მცდელობა ემსახურება იმას, რომ მოხდეს დიდ ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება. ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ბრიტანეთში გასაგზავნად მზად არის ყადაღის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ პროკურატურას გადაუმოწმებლად დაუდასტურა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის და მამუკა ხაზარაძე სიამოვნებით ითანამშრომლებენ ბრიტანულ სამსახურებთან და მზად არიან მათ აჩვენონ და დაუმტკიცონ თითოეული ფუნტის კანონიერება.

საქართველოში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები უკვე დაყადაღებულია.

„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!“ - წერდა 20 აგვისტოს ფეისბუკის გვერდზე მამუკა ხაზარაძე.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ადანაშაულებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 24 ივლისს, ხოლო 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა 700 000 ლარის გირაო.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას სრულ აბსურდს უწოდებენ.

„დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ის არის ამ ქვეყნის დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები. მე გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა და ჭაობი შეიცვალოს. მე გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე. და ისინი სახლში წავლენ“ - განაცხადა 26 ივლისს, სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ, რომელიც სექტემბერში აპირებს პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას.

"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებთან ერთად ბრალდებულია კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M“-ის თანამფლობელი ავთო წერეთელი. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მიერ სწორედ ამ კომპანიებისთვის გაცემული სესხის გამოყენებით განახორციელეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ავთო წერეთელი ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამაა. ვატო წერეთელი „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის მეწილეცაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG