Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე ივანიშვილს ანაკლიის პორტზე საუბარს ტელეეთერში სთავაზობს


„TBC ჯგუფის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს. როგორც მან 27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პასუხი უნდა გაეცეს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას და საზოგადოებამ უნდა გაიგოს ყველაფერი, რაც არ იცის.

ხაზარაძის თქმით, ის არასდროს ცდილობდა ხელისუფლებასთან საქმეების მოგვარებას "დალაგების" გზით და ყველაფერი საზოგადოების თვალწინ დალაგდება.

„რადგანაც ამდენი კითხვა დაგროვდა ანაკლიასთან დაკავშირებით, მე ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს მობრძანდეს ტელევიზიაში, შეიძლება ეს იყოს „იმედი“, მაგალითად, და ვისაუბროთ ღიად - რა წინაპირობა გვქონდა, რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები იყო, რომელიც საზოგადოებამ არ იცის... და ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას, ერთხელ და სამუდამოდ დავადგეთ პირდაპირი ურთიერთობის გზას, ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს...

მე ერთი წლის წინ განვაცხადე, რომ არანაირი კულისებში მოლაპარაკება. მე ყველას მინდა მივმართო, ბევრი ადამიანი მხვდება - მამუკა, ვერ დაალაგე?! ძმებო, არ გამოვა. დალაგებები ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს - არასოდეს დამილაგებია და არც დავალაგებ. ყველაფერი, რაც დალაგდება, იქნება ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის, იმ ადამიანების, იმ ქართველების და ჩვენი მოქალაქეების თვალწინ, რომელსაც ეს ქვეყანა უყვარს და ამ ქვეყნის აშენება უნდა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, დიდწილად სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაფინანსების ხელშეშლას ისახავს მიზნად საბანკო ანგარიშების დაყადაღება ე.წ. ფულის გათეთრების აბსურდული ბრალდების კვალდაკვალ. მისი თქმით, უკანონო არასოდეს არაფერი ჩაუდენია - „ვარ პასუხისმგებელი თითოეულ ციფრზე, თითოეულ გადარიცხვაზე, თითოეულ კონტრაქტზე, რაზეც ჩვენ ხელი მოგვიწერია“.

„ჩვენ დაახლოებით 60 კაცი გვყავს (ანაკლიის განვითარების კონსორციუმის) ოფისში, ჩვენი თანაგუნდელები, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ იმისათვის, რომ მივიყვანოთ ეს პროექტი გამარჯვებამდე.

პირველი გამარჯვება არის ის, რომ დავასრულოთ მოლაპარაკებები კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენჯერაც ახლოს მივედით ხელის მოწერამდე, იმდენჯერ შემოგვისიეს პროკურატურა და შემოგვისიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ... არ გამოგივათ!...

მაგრამ ეს ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ და ვერ მოვემსახუროთ იმ კრედიტებს, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ ავიღეთ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რომ ანაკლიის პორტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე... არც ეს გამოგივათ! არ გამოგივათ, რადგან ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან - თქვენს გარეშე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სახელმწიფო სტრუქტურებს პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების გაგრძელებაში ადანაშაულებს „TBC ჯგუფის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი, ასევე „ფულის გათეთრებაში“ ბრალდებული ბადრი ჯაფარიძეც.

27 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და აცნობა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში და ბრიტანეთში მათი ფულადი სახსრები შესაძლოა, კრიმინალური წარმოშობის იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG