Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, პედაგოგების ხელფასის ზრდა ოქტომბრიდან დაიწყება


27 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პედაგოგებს შეხვდა
27 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პედაგოგების ხელფასის ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს.

27 აგვისტოს, პედაგოგებთან შეხვედრისას მამუკა ბახტაძემ თქვა, დაპირებას ასრულებს და „მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც, 2019 წლის ოქტომბერში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება.“

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, პედაგოგების გარდა, ხელფასი ეზრდება განათლების რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელფასის ზრდა შეეხება მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ, სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ 6 ათასი პენსიონერი, პრაქტიკოსი პედაგოგი, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებენ 2 წლის ჯამურ ხელფასს და შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG