Accessibility links

მამუკა ხაზარაძე: ჩვენს პარტიაში ცნობილი პოლიტიკოსები "ვერ მოიაზრებიან"


მალე დაფუძნდება პარტია, ეს იქნება ჩვენი გუნდი და მასში არ იქნებიან ცნობილი პოლიტიკოსები, - განაცხადა „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძემ 27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ამ გუნდში ელოდებიან პროფესიონალებს, ტექნოკრატებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში და რომლებსაც წვლილი აქვთ შეტანილი ქვეყნის აღმშენებლობაში.

„ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს გუნდს. ამ ჩვენს გუნდში პოლიტიკოსები, ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან - პოლიტიკაში ცნობილი სახეები, ვერც მარჯვნიდან, ვერც მარცხნიდან, ვერც უკნიდან და ვერც წინიდან... რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის აღმშენებლობაში სხვადასხვა დროს... მეორე, მესამე, მეოთხე პოზიციაზე... ვინც არის ტექნოკრატი, ვინც არის ამა თუ იმ სამინისტროში ნამუშევარი, ვინც ქვეყნის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, ვინც არის პროფესიონალი, იმათ ყველას ველოდებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული უიმედო რეალობის შეცვლისთვის პროცესში ჩართვას აპირებს ბევრი პროფესიონალი და მონდომებული ახალგაზრდა, რაც, მისი აზრით, შეაშინებს ხელისუფლებას.

„ძალიან დიდი ინტერესია, მინდა ასევე შეგაშინოთ... უზარმაზარი არმია ახალგაზრდების, პროფესიონალების, რომლებიც გვიერთდებიან, რომლებსაც არ უნდათ ასეთ უიმედო ქვეყანაში ცხოვრება, როგორიც თქვენ შექმენით... ის ხალხი, რომელსაც უნდა, რომ აქ სილაღე დაბრუნდეს, ქართველი კაცისთვის ყველაზე მთავარი რამ - სილაღე და საფუძველი იმისა, რომ აქ ადამიანმა ნახოს თავისი პერსპექტივა.

იმ ადამიანებმა, იმ ახალგაზრდებმა, მათმა მშობლებმა, რომლებმაც ბოლო კაპიკები გადაიხადეს, წავიდნენ უცხოეთში, ისწავლეს, დაბრუნდნენ და ისეთი სპეციალობებით არიან დღეს, მათ სახელმწიფო არა თუ ყურადღებას აქცევს, საერთოდ არ სჭირდება და ზოგი კაფეს ხსნის და ზოგი - ბარს... ის სპეციალობები, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

27 აგვისტოს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ხელისუფლების მხრიდან მათი მისამართით განხორციელებულ განგრძობად პოლიტიკურ დევნაზე ილაპარაკეს.

ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და აცნობა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში და ბრიტანეთში მათი ფულადი სახსრები შესაძლოა, კრიმინალური წარმომავლობის იყოს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ თქვა, დღეიდან მეგობარი ქვეყნების საელჩოების მეშვეობით იწყებენ მხილებას ყველა იმ სახელმწიფო სამსახურისა, რომელიც გამოიყენება „სრულიად კრიმინალური ხასიათის ქმედებებისთვის.“

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ადანაშაულებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 24 ივლისს, ხოლო 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა 700 000 ლარის გირაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG