„არ გადავიხდი ამ თანხას, წავალ ციხეში. „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ ,-თქვა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა საქალაქო სასამართლოში,სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეუფარდეს.
„ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. „ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. მოსამართლეს რაც უთხრეს, იქ ქნა. დაწერილი ჰქონდა, მოვიდა და მოგვისმინა. რის გათეთრება, რა გათეთრება? „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“,- განაცხადა წერეთელმა.
ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო, რითაც გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.
ამავე საქმეზე 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.