ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაგმო რუსეთი იმ "მრავალი დარღვევის" გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა 2009 წელს პატიმრობაში გარდაცვილი, კორუფციასთან მებრძოლი იურისტის, სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ.
27 აგვისტოს განაჩენში სტრასბურგში განთავსებულმა სასამართლომ თქვა, რომ მაგნიტსკის პანკრეასის დაავადების და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მიმართ მოქმედება იყო "ღიად არაადეკვატური", რამაც მის სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე.
საქმეზე მომუშავე შვიდმა მოსამართლემ, მათ შორის ერთმა რუსმა, ერთხმად დაასკვნა, რომ მაგნიტსკის ცუდად ეპყრობოდნენ ციხის მცველები და ის უსამართლოდ, ხანგრძლივი დროით იყო მოთავსებული წინასწარი პატიმრობის საკანში.
მოსამართლეებმა ასევე დაგმეს "ძირეულად უსამართლო" სასამართლო პროცესი, რომელიც მაგნიტსკის სიკვდილის შემდეგ გაიმართა და რომელზეც ის დამნაშავედ იქნა ცნობილი.
რუსეთს დაევალა 34 000 ევროს ეკვივალენტური თანხის გადახდა მაგნიტსკის ცოლისა და დედისთვის.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ განიხილავს განაჩენის გასაჩივრებას. საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებული ცნობებით, სამინისტრო აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ მოუტანია მტკიცებულებები, რათა გაემყარებინა დასკვნები უსამართლო პატიმრობაზე.
მაგნიტსკი 2008 წლის ნოემბერში დააპატიმრეს, გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით - მას შემდეგ, რაც მან გამოააშკარავა სქემა, რომლითაც, როგორც ჩანს, ოფიციალური პირები რუსეთის სახელმწიფოსგან 230 მილიონ დოლარს ითვისებდნენ.