Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ჯაშუშობის ბრალდებით სამ პირს მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა


ირანი აცხადებს, რომ სამ პირს, მათ შორის ერთ ქალს და ასევე ირანისა და ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეს, ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა, მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ სცნო ისრაელის საიდუმლო სააგენტოს, "მოსადის" სასარგებლოდ ჯაშუშობაში.

ირანის მართლმსაჯულების სისტემის პრესმდივანმა, ღოლამჰოსეინ ისმაილიმ სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ 10 წლით მიესაჯა ციხე არას ამირის - ქალს, რომელიც ბრიტანეთის საბჭოში მუშაობდა და თან, ბრალდების თანახმად, ირანის კულტურულ ღონისძიებებზე ჯაშუშურად გადასცემდა ინფორმაციას. ბრიტანეთის საბჭო კულტურული პროფილის ორგანიზაციაა.

ისმაილის თქმით, მსჯავრდებულთაგან ერთ-ერთი მამაკაცი ანუშ აშურია - ბრიტანეთის და ირანის ორმაგი მოქალაქე. მას 12 წლით მიესაჯა პატიმრობა "მოსადთან" კავშირების გამო. ირანი არ სცნობს ორმაგ მოქალაქეობას.

ასევე 12 წლით მიუსაჯეს პატიმრობა კიდევ ერთ მამაკაცს, ალი ჯოჰარის. მის შესახებ ბრალდება იუწყება, რომ ის ირანის რევოლუციის გუშაგებთან დაკავშირებული სამშენებლო კონგლომერატის, ხათამ ალ-ანბიას შესახებ გადასცემდა ინფორმაციას. ესმაილის თქმით, ჯოჰარი ისრაელში ჩავიდა და "მოსადთან" კავშირი სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდა, მათ შორის ინდოეთში, შრი ლანკაში და ტაილანდში.

ამ განაჩენების გამოტანის ფონია გაზრდილი დაძაბულობა აშშ-სა და ირანს შორის, 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ატომური ხელშეკრულების გარშემო. გასულ წელს ვაშინგტონი ხელშეკრულებას გამოეთიშა და ირანის ეკონომიკას აღუდგინა სანქციები.

XS
SM
MD
LG