Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლტონი: როჰანისთან შესახვედრად ტრამპის მზაობა არ ნიშნავს პოზიციის შერბილებას

უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზაობა, თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკება გამართოს ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან, არ ნიშნავს, რომ აშშ-ის ლიდერი აპირებს ირანთან მიმართებით თავისი მკაცრი პოზიციის შერბილებას.

როგორ ბოლტონმა 27 აგვისტოს, რადიო თავისუფლებისთვის კიევში მიცემულ ინტერვიუში თქვა, ტრამპის პოზიცია უკვე დიდი ხანია მკაფიოა - "ის ყველას შეხვდება სასაუბროდ. ის მომლაპარაკებელია. ის შეთანხმებებს აღწევს". თუმცა, ბოლტონის თქმით, "მათთან ლაპარაკი პრეზიდენტ ტრამპისთვის არ ნიშნავს პოზიციის შეცვლას. ... თუკი ნახავთ, რა თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა ... ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მიღწეულ ხელშეკრულებაზე - მან ამას უწოდა ყველაზე ცუდი შეთანხმება აშშ-ის დიპლომატიურ ისტორიაში. ჩემი აზრით, ამ პოზიციას ბევრი ფაქტი ამყარებს. ამდენად, ის არ გაიმეორებს იგივე შეცდომებს, რომლებიც დაუშვა [აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ] ობამამ".

"მოსაზრება, რომ ირანი ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელს ნახავს იმ მოქმედების შესაჩერებლად, რომელიც მას ისედაც არ უნდა განეხორციელებინა, უპერსპექტივოა" - დასძინა ბოლტონმა. მისი თქმით, თუკი მიღწეულ იქნება "ყოვლისმომცველი შეთანხმება, მაშინ, რა თქმა უნდა, სანქციებიც მოიხსნება. ... როცა ირანის რეჟიმი ამაზე სალაპარაკოდ იქნება მზად, შეხვედრაც გაიმართება".

2018 წლის მაისში ტრამპმა აშშ გამოიყვანა 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვული ხელშეკრულებიდან, რომელიც გაფორმდა ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის. ხელშეკრულებიდან გამოსვლის შემდეგ ტრამპმა ირანს აღუდგინა სანქციები, რომლებიც მას მოეხსნა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG