Accessibility links

ახალი ამბები

ბოლტონი: ზელენსკის არ სჭირდება ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმა დონბასთან მიმართებით

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, არ სჭირდება "ნაჩქარევი" ნაბიჯების გადადგმა რუსეთის ჩართულობასთან მიმართებით აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტულ ძალებთან.

"არ ვთვლი, რომ არსებობს საფუძველი რომელიმე მიმართულებით ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმისთვის. ... ჩემი აზრით, უკრაინის ახალი მთავრობისთვის უპრიანი იქნება ამაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობა" - უთხრა ბოლტონმა რადიო თავისუფლებას ვრცელ ინტერვიუში, რომელიც ჩაიწერა კიევში, 27 აგვისტოს.

"არ მგონია, რომ ევროპელებს მოეპოვებათ გამოსავალი, რომელიც უკვე აშკარადაა გამოკვეთილიო", დასძინა ბოლტონმა მოლაპარაკების ე.წ. "ნორმანდიულ ფორმატთან" მიმართებით, რომელიც უკრაინის კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

მას შემდეგ, რაც აპრილში პრეზიდენტად აირჩიეს, ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით გაიმართოს ოთხმხრივი მოლაპარაკება ნორმანდიის ფორმატის სხვა წევრებთან, რუსეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად, რათა განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ნორმანდიის ფორმატის ლიდერები მომავალ თვეში გამართავენ სამიტს. შეკითხვას, სურს თუ არა ვაშინგტონს შეუერთდეს ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებს, ბოლტონმა პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა თქვა, რომ ამერიკას "მნიშვნელოვანი ინტერესი" აქვს კიევსა და მოსკოვს შორის არსებულ საკითხებთან მიმართებით.

ყველა ახალი ამბავი

ჰუთიტი მეამბოხეები აცხადდებენ, რომ აჩერებენ თავდასხმებს საუდის არაბეთზე

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთიტი მეამბოხეები აცხადებენ, რომ აჩერებენ საფრენი აპარატებით და რაკეტებით თავდასხმებს საუდის არაბეთზე, ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც პასუხისმგებლობა იკისრეს იერიშზე საუდის არაბეთის მნიშვნელოვან ნავთობის ობიექტზე.

ჰუთიტების უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელმა, მეჰდი ალ-მაშატმა 20 სექტემბერს, გვიან საღამოს გამოაცხადა, რომ "შეჩერებულია ყველა თავდასხმა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე". მისი თქმით, ჯგუფი ახლა "დადებით გამოხმაურებას" ელის რიადისგან.

შიიტმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა პასუხისმგებლობა იკისრეს 14 სექტემბერს განხორციელებულ თავდასხმაზე საუდის არაბეთის უდიდეს ნავთობის საწარმოზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა რეგიონში. ჰუთიტების ამ განცხადების მიუხედავად, აშშ-ის და საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა თავდასხმა თეირანს დააბრალეს და გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ განიხილება პასუხის ყველა გზა, სამხედროს ჩათვლით. ირანი უარყოფს კავშირს ინციდენტთან და აშშ-ს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი თავდასხმა "სრულმასშტაბიან ომს" მოიტანს.

მიმდინარე წელს ჰუთიტმა მეამბოხეებმა მანამდეც განახორციელეს რამდენიმე თავდასხმა საუდის არაბეთის ობიექტებზე. იემენის მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერენ სუნიტების ხელმძღვანელობით მოქმედი საუდის არაბეთი და მისი არაბული მოკავშირეები, ჰუთიტ მეამბოხეებს 2015 წლიდან ებრძვის.

სომხეთის ექსპრეზიდენტს უარი ეთქვა გირაოზე

ერევნის ერთ-ერთმა სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს, რომელსაც ბრალად ედება საკონსტიტუციო წესრიგის დამხობა.

სასამართლოს 20 სექტემბრის გადაწყვეტილებას სამი დღით უსწრებდა წინ მოსამართლის მხრიდან ქოჩარიანის ადვოკატების შუამდგომლობის უარყოფა, მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ადვოკატების შუამდგომლობა ეფუძნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 4 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც არაკონსტიტუციურად მიიჩნია მუხლი, რომლითაც სამართალდამცველებმა ისარგებლეს 65 წლის ექსპრეზიდენტის დასაკავებლად და გასასამართლებლად. ქოჩარიანის დაცვის გუნდს უკვე გასაჩივრებული აქვს 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, და კიდევ 10 დღე აქვს საიმისოდ, რომ სასამართლოს ეს უკანასკნელი გადაწყვეტილებაც გაასაჩივროს.

ისევე, როგორც წინა გადაწყვეტილებების დროს, 20 სექტემბერსაც სასამართლოს შენობის წინ აქციებს მართავდნენ ქოჩარიანის მომხრე და მოწინააღმდეგე მოქალაქეები, პოლიციის ძალების თანდასწრებით.

ქოჩარიანისთვის და კიდევ სამი ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდება 2008 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას ჯარი გამოეყვანათ ქუჩებში, მას შემდეგ, რაც შეხლა-შემოხლას ემსხვერპლა სულ მცირე 10 ადამიანი, სამართალდამცველების ჩათვლით.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ბათუმში მიმდინარე გამოძიება მედიაზე ზეწოლას უკავშირდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ბეჟანიშვილმა 21 სექტემბერს გირაო, 25-25 ათასი ლარი შეუფარდა რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ხუთ პირს, რომლებსაც პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება.

დაკავებულები შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ძმისშვილები და სიძეები არიან. ეს კომპანია ფლობს ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. როგორც ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთი" იუწყება, “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. თურაძის თქმით, შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” მიმართ.

პროკურატურა დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, გირაოს შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩირებას კი სააპელაციო წესით აპირებს.

საქმე ეხება 16 სექტემბერს, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. პროკურატურის ვერსიით, ხუთი ბრალდებული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს – როინ კოჩალიძეს თავს დაესხა მაშინ, როცა კოჩალიძე მათ პოლიციის შეურაცხყოფისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

ბრალდებულების მონათხრობით კი ისინი ახლობლის ბინიდან ღამის პირველის ნახევრისთვის გამოვიდნენ, იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ელოდნენ ტაქსის. ამ დროს სადარბაზოსთან შეამჩნიეს “შკოდას” მარკის მანქანა, რომლის დანახვაზე ერთ-ერთ მათგანს გაუჩნდა პოლიციის ასოციაცია და უცენზუროდ მოიხსენია ყველა „ცუდი პოლიციელი“.

ბრალდებულები ყვებიან, რომ ამ დროს სადარბაზოდან გამოვიდა სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელმაც კორპუსთან შეკრებილებს გინება დაუწყო პოლიციელების ცუდად მოხსენიებისთვის. ბრალდებულების თქმით, მათ ამ მამაკაცს უთხრეს, რომ თავადაც ჰყავდათ პოლიციელი მეგობრები და არავის შეურაცხყოფა არ ჰქონდათ განზრახული. სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა დაპირისპირებაში, აღნიშნულმა პირმა მათ დაუმიზნა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთ მათგანს სცემა.

მამაკაცი, რომელსაც ინციდენტისას ეცვა სპორტული შარვალი და მაისური, აღმოჩნდა პოლიციელი როინ კოჩალიძე. ის ინციდენტის დროს შვებულებაში იყო და სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, რაც, გამოცემა "ნეტგაზეთის" თანახმად, თავად მისი ჩვენებითაც დასტურდება.

ინციდენტისას ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და შემთხვევაში მონაწილე სამი პირი გადაიყვანა ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში. პოლიციაში მივიდა პოლიციელი როინ კოჩალიძეც. პოლიციის განყოფილებაში დაიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები, ისინი სამხარაულის ბიუროში ალკოტექსტზე გადაიყვანეს და შემდეგ გაათავისუფლეს. საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით – ფიზიკური ძალადობა.

ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ გამოძიების პროცესში მუხლი შეიცვალა და დამძიმდა. პროკურატურამ ინციდენტში მონაწილეებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის მიხედვით წაუყენა, რაც გულისხმობს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

ალბანეთის გემმა 100-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა ეგეოსის ზღვაში

ოლტა ჯაჩკა, ალბანეთის თავდაცვის მინისტრი

ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა გემმა ეგეოსის ზღვაში გადაარჩინა 111 მიგრანტი, რომლებიც საბერძნეთში ცდილობდნენ გადასვლას და ისინი თურქეთის ხელისუფლებას ჩააბარა.

თავდაცვის მინისტრმა ოლტა ჯაჩკამ 21 სექტემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ თურქეთსა და საბერძნეთს შორის წყლებში, სამი სხვადასხვა ოპერაციის ფარგლებში გადაარჩინეს სირიელი, ერაყელი და პალესტინელი მიგრანტები. მისი თქმით, მიგრანტები 20 სექტემბერს, გვიან საღამოს აღმოაჩინა ევროკავშირის სასაზღვრო დაცვის კუთვნილმა გემმა.

ალბანეთი 2009 წლიდან ნატოს წევრია და მონაწილეობს ალიანსის საზღვაო მისიაში ეგეოსის ზღვაში.


მალხაზ მაჩალიკაშვილი: „ჩემი ბრძოლა უშედეგო არ არის“

მალხაზ მაჩალიკაშვილი

ჩემი ბრძოლა უშედეგო არ არის. აი, შედეგი, ხომ ხედავთ ამ ხალხს. ამ ქვეყნის, ქართული საზოგადოების 70% ჩემს გვერდით რომ დადგა. აი, შედეგი ეს არის, ეს შედეგია, - განაცხადა პანკისის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა 21 სექტემბერს, პარლამენტთან „გავრილოვის პატიმრების“ კარვის გაშლის შემდეგ. იგი ერთ თვეში აპირებს მხარდამჭერებს პარლამენტის წინ შეკრებისაკენ მოუწოდოს.

„იყო ერთი კარავი - თემირლანის საქმესთან დაკავშირებით, გვერდით გაიშალა კარავი - გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, ეხლა ეს მესამეა - გავრილოვის პირადი პატიმრების, ივანიშვილის პატიმრების კარავი... ამათ კიდევ ბევრი კარავი დაემატება.

აი, ოქტომბრის ბოლოს მე მოვამთავრებ ჩემი ხელმოწერების მოგროვებას. შემდგომში მე გავაკეთებ განცხადებას, რომ ხალხი გამოვიდეს. დავაანონსებ აქციას. იმ ხალხს, რომელსაც მე დავუძახებ და რომელიც გამოვა გარეთ, ისინი უკვე სახლში არ წავლენ, სანამ ყველაფერს პასუხი არ გაეცემა თემირლანის საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ 20-21 ივნისის, ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებული პირების კარავი 22 სექტემბერს გაიშალა. როგორც პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, კარავი არის დაკავებული პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ერთ-ერთი ფორმა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან.

ამ დროისათვის პატიმრობაში მყოფ 14 პირს შორისაა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი.

20-21 ივნისის საქმეზე 19 პირი დააკავეს. საქმე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით 21 პირის მიმართ აღიძრა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავება.

ლუკაშენკო ხელს მოაწერს ხელშეკრულებას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაიოლებაზე

ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გადაწყვიტა ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, რომელიც ბელორუსიის მოქალაქეებს გაუიოლებს სავიზო რეჟიმს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამოგზაუროდ.

ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანატოლ ჰლაცმა 20 სექტემბერს მინსკში უთხრა ჟურნალისტებს, რომ ლუკაშენკოს "ესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ჩვენი მოსახლეობის მობილობისთვის, მას შემდეგ, რაც ყურადღებით გააანალიზა ყველა შესაძლო რისკი და შედეგი". ჰლაცმა დასძინა, "ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ადამიანურ და ბიზნესკონტაქტებსო". მისი თქმით, ხელშეკრულების რატიფიკაცია ბელორუსიის პარლამენტმა უნდა მოახდინოს და შემდეგ ის ევროპის პარლამენტმა უნდა მიიღოს.

ჰლაცის განცხადებამდე სამი დღით ადრე, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დევიდ ჰეილმა მინსკში თქვა, რომ ორი ქვეყანა აღადგენს ელჩების გაცვლას, 11-წლიანი პაუზის შემდეგ - იმ ფონზე, როცა არსებობს ერთობლივი შეშფოთება რუსეთის საგარეო-პოლიტიკური თავგადასავლების გარშემო. ჰეილი ამ განცხადებებით გამოვიდა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ქვეყანას საუკუნის მეოთხედია მართავს.

ბოლო წლებში გახშირდა შეხვედრები ვაშინგტონის და მინსკის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის. გასულ თვეში ბელორუსიას ეწვია იმ დროს უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, რაც ორი ათწლეულის განმავლობაში თეთრი სახლის მაღალჩინოსნის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.

პარლამენტის წინ "გავრილოვის პატიმრების" კარავი დაიდგა

პარლამენტის შენობის წინ 20-21 ივნისის, ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის საქმეზე დაკავებული პირების კარავი გაიშალა. როგორც პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, კარავი არის დაკავებული პოლიტპატიმრების მხარდაჭერის ერთ-ერთი ფორმა და პროტესტი 24-საათიან რეჟიმში მათ გათავისუფლებამდე გაგრძელდება.

„ეს კარავი არ დაიდგა ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ეს დაიდგა ყველა პოლიტპატიმრისთვის და ყველა ოპოზიციური პარტიის ვალდებულებაა, მოვიდნენ აქ და გამოხატონ პროტესტი. აქ ვიქნებით ჩვენ, ყველანი, ჩემი პარტიის წევრები. გვექნება ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რათა ამ სისხლიან ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტპატიმრები და ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, არ უნდა ისჯებოდნენ“, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

მისი თქმით, 20-21 ივნისის ღამის მოვლენების საქმეზე დაკავებული პირების მხარდასაჭერი კარავი „გამარჯვებული საქართველოსა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის ინიციატივით“ დაიდგა. ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „გავრილოვის ღამის“ პატიმრების სახელობითი კარვებიც გაჩნდეს.

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 19 პირიდან პატიმრობაში ამ დრომდე რჩება 14. საქმე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით 21 პირის მიმართ აღიძრა. პროკურატურა ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ედავება.

დოლიძის ქუჩაზე ხის მოტეხილი ტოტი ორ მამაკაცს დაეცა

ძლიერი ქარისგან მოტეხილი ტოტი დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს დაეცა, - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზევე აღმოუჩინა და კლინიკაში გადაიყვანა.

ამ დროის ინფორმაციით, ძლიერი ქარისგან მიყენებული დაზიანებების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 30-მდე შეტყობინებაა შესული. მათი უმრავლესობა შენობებიდან ბათქაშის ჩამოშლას შეეხება, თუმცა იყო რამდენიმე შედარებით მძიმე შემთხვევაც - მათ შორის, ვარკეთილში წაქცეული ხე მანქანებს დაეცა, დაზიანდა ასევე ელექტროგადამცემი ბოძი.

ირანი აცხადებს, რომ ნებისმიერ აგრესორს უპასუხებს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა რეგიონში გაზარდა სამხედროთა რაოდენობა

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ირანი ნებისმიერ აგრესორს უპასუხებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ აგრესორის თავდასხმა მცირე მასშტაბის იქნება, და მას გაანადგურებს.

"ფრთხილად იყავით, მცირე მასშტაბის აგრესია არ დარჩება მცირემასშტაბიანად. ჩვენ ნებისმიერ აგრესორს ვუპასუხებთ", - განაცხადა გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ჰოსეინ სალამიმ 21 სექტემბერს, ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში. "ეს ჩვენგან სასჯელი იქნება და ჩვენ ამას გავაგრძელებთ ნებისმიერი აგრესორის სრულ განადგურებამდე", - თქვა მან.

ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნებართვა გასცა, "ზომიერად" გაიზარდოს აშშ-ის ძალების წარმომადგენლობა საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მას შემდეგ, რაც 14 სექტემბერს საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იქნა იერიში, რომელშიც ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ირანს ადანაშაულებს. ირანი უარყოფს მონაწილეობას თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრა იემენში მოქმედმა ჰუთიტების მეამბოხე ჯგუფმა. ეს ჯგუფი ირანის მოკავშირეა და ამჟამად იემენის სამოქალაქო ომში ებრძვის საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ალიანსს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა თქვა, რომ სამხედროთა რაოდენობის გაზრდა არის პასუხი საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნაზე, დახმარება გაეწიოთ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის თვალსაზრისით. მინისტრის თქმით, სამხედროთა მისია "თავდაცვითი ბუნების" იქნება. "კიდევ უფრო მეტი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, საუდის არაბეთმა საერთაშორისო დახმარება ითხოვა სამეფოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად. დახმარება ითხოვა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც", - თქვა ესპერმა.

ყაზახეთის პოლიციამ დაშალა ოპოზიციის აქციები, დააკავა 50-ზე მეტი პირი

ყაზახეთის პოლიციამ დაშალა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ოპოზიციის აქციები და დააკავა ათობით პირი.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, უსანქციო დემონსტრაციების დაწყების წინ ნურ-სულთანის და ალმა-ატის ქუჩებში პოლიცია დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი. როცა ხალხმა ორივე ქალაქში თავშეყრა დაიწყო, პოლიცია სწრაფად ამოქმედდა, აქციები დაშალა და მონაწილეები დააკავა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორივე ქალაქში, საერთო ანგარიშით 57 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრებათ უსანქციო დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის.

აქციები სხვა, უფრო პატარა ქალაქებშიც იყო დაგეგმილი, მათ შორის შიმკენტში, სადაც, რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, პოლიციამ სულ მცირე 20 პირი დააკავა.

აქციების ორგანიზატორია ორგანიზაცია ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი, რომლის ლიდერიც, მუხტარ აბლიაზოვი, საფრანგეთში ცხოვრობს. ის ძებნილია ყაზახეთის, რუსეთის და უკრაინის მიერ, 5 მილიარდამდე დოლარის გაფლანგვის ეჭვის საფუძველზე.

ბაიდენი ტრამპისგან მოითხოვს ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შინაარსის გამოქვეყნებას

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოითხოვს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნოს იმ სატელეფონო საუბრის ტექსტი, რომელშიც, გავრცელებული ცნობებით, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვს გამოძიების დაწყებას ბაიდენის და ასევე მისი ვაჟის გარშემო, რომელიც უკრაინაში ბიზნესს აწარმოებდა.

20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენი ამბობს, რომ ტრამპმა "სასწრაფოდ უნდა გამოაქვეყნოს დასახელებული საუბრის ტექსტი, რათა ამერიკელ ხალხს მიეცეს საშუალება თავად გამოიტანოს დასკვნა".

ბაიდენი, რომელიც კამპანიას აწარმოებს, რათა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს და 2020-ში ტრამპს დაუპირისპირდეს, ასევე ამბობს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორმა უნდა შეწყვიტოს დაბლოკვა და კონგრესს უნდა მიაწოდოს ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ანონიმი პირისგან შესული, საიდუმლო საჩივარი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა იძიებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი დაიმუქრა, რომ გააჩერებს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას, თუკი ზელენსკის ადმინისტრაცია არ გამოიკვლევს მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მოქმედებებს. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, თუკი ეს სიმართლეა, დახმარების შეჩერების მუქარა და უცხო ქვეყნის ლიდერისგან პოლიტიკური მეტოქის გარშემო გამოძიების მოთხოვნა იქნება ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის მაგალითი. ბევრი დასძენს რომ ეს იმპიჩმენტის საფუძველიც შეიძლება გახდეს.

წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ტრამპის და ზელენსკის სატელეფონო საუბრის გამოძიების დაწყების შემდეგ, გასულ კვირაში თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ უკრანას გამოუყოფს 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც ამ დრომდე შეჩერებული იყო.

საუდის არაბეთის ნავთობზე შეტევის შემდეგ, ტრამპმა ნება დართო სამხედროთა რაოდენობის "ზომიერ" გაზრდას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნება დართო აშშ-ის ძალების რაოდენობის "ზომიერ" გაზრდას საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში, რომელშიც ადმინისტრაციის ბევრი წარმომადგენელი ირანს ადანაშაულებს.

პენტაგონმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელი დანაყოფები გაიგზავნება რეგიონში და არც ირანის წინააღმდეგ დაუსახელებია პოტენციური სამხედრო მოქმედების შესაძლებლობა. თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნაზე, დახმარება გაეწიოთ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის თვალსაზრისით. მინისტრის თქმით, სამხედროთა მისია "თავდაცვითი ბუნების" იქნება. "კიდევ უფრო მეტი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, საუდის არაბეთმა საერთაშორისო დახმარება ითხოვა სამეფოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად. დახმარება ითხოვა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც", - თქვა ესპერმა.

ივლისში აშშ-მა განაცხადა, რომ 500-მდე სამხედროს გზავნიდა საუდის არაბეთში, როგორც ნაწილს უფრო ფართომასშტაბიანი ძალისხმევისა, ახლო აღმოსავლეთში გაიზარდოს მისი წარმომადგენლობა, მას შემდეგ, რაც ომანის ყურეში ნავთობის ტანკერებზე განხორციელდა შეტევები, რომლებსაც ვაშინგტონი ირანს ან მის მოკავშირეებს აბრალებდა.

რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდა მას მერე, რაც 14 სექტემბერს რაკეტებით და საფრენი აპარატებით განხორციელდა იერიში საუდის არაბეთში მდებარე, ნედლი ნავთობის გადამამუშავებელ, მსოფლიოს უდიდეს ობიექტზე. საუდის არაბეთი აშშ-ის მოკავშირე და ირანის რეგიონული მეტოქეა.

აკრძალვის მიუხედავად, ყაზახეთში ოპოზიცია აქციებს მართავს

21 სექტემბერს ყაზახეთში აკრძალული ოპოზიციური მოძრაობა აქციებს მართავს, მიუხედავად ხელისუფლების მოქმედებებისა, რომელმაც უსანქციო აქციამდე რამდენიმე აქტივისტი დააპატიმრა. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის თანახმად, დემონსტრაციები ტარდება დედაქალაქ ნურ-სულთანსა და უდიდეს ქალაქ ალმა-ატაში.

აქციების ორგანიზატორია ორგანიზაცია ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი, რომლის ლიდერიც, მუხტარ აბლიაზოვი, საფრანგეთში ცხოვრობს. ის ძებნილია ყაზახეთის, რუსეთის და უკრაინის მიერ, 5 მილიარდამდე დოლარის გაფლანგვის ეჭვის საფუძველზე.

ყაზახეთის გენერალურმა პროკურატურამ 20 სექტემბერს მოქალაქეები გააფრთხილა, არ მიეღოთ მონაწილეობა დემონსტრაციაში და განაცხადა, რომ სამართალდამცველები "უკანონო აქციების აღსაკვეთად მკაცრ ზომებს გაატარებენ".

ალმა-ატაში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია, სამოქალაქო ინიციატივების კოალიცია ამბობს, რომ ბოლო ხუთ დღეში ქვეყანაში 50-მდე აქტივისტი დააკავეს და 7-დან 15 დღემდე მიუსაჯეს პატიმრობა, უსანქციო აქციების ორგანიზების ან მათში მონაწილეობის ბრალდებით.

GWP-ის საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი გაუჩნდა კომპანია Georgian Water and Power-ის საწყობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი, დაახლოებით 200 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კახიძე: მოსამართლეებთან გასაუბრება ბევრ რამეს წარმოაჩენს, სასამართლო ხელისუფლება კრიზისშია

ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს“ მთავარი მიზანი გასაუბრების პროცესში ის არის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა კანდიდატები წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ვის არჩევას აპირებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატების ნომინირების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და, შესაბამისად, გასაუბრების პროცესიც ბევრ რამეს წარმოაჩენს:

„ეს წინასწარ შეთანხმებული და გავლილი სქემაა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე, მართავს კლანი და მათ ვინც გადაწყვიტეს, პარლამენტსაც ისინი წარედგინა. დანარჩენს გვაჩვენებს უშუალოდ გასაუბრების პროცესი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე კანდიდატების მიერ მესამე სექტორის მიერ შესწავლილ ინფორმაციას განიხილავენ.

„მათ ძალიან მოცულობითი სამუშაო გასწიეს. შეისწავლეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები, მათი განხილული საქმეები, ფინანსური მხარე. „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლება მძიმე კრიზისშია, მას მართავს ე.წ. კლანი, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას ბიძინა ივანიშვილისადმი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა საქართველოს პარლამენტში 23 სექტემბერს იწყება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად 20 მოსამართლის კანდიდატურა წარუდგინა.

მდინარაძე შეწყალებაზე: პირველებმა გადაწყვეტილება ჩვენ გავაკრიტიკეთ, ახლა ჯერი გამოძიებაზეა

მამუკა მდინარაძე

„როდესაც საზოგადოებაში კონკრეტული კითხვები არის, ამას კონკრეტული პასუხები სჭირდება. ბუნებრივია, გამოძიება არის ის ადგილი, სადაც და საიდანაც შეიძლება კონკრეტული პასუხები მივიღოთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის ხარვეზებისა და მასზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების საკითხის კომენტირებისას.

„იცით, რომ ჩვენ პირველივე დღეებში გავაკრიტიკეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან კატეგორიულად მიუღებელი იყო. შეიძლება ექსკლუზიური უფლება არსებობს, მაგრამ არსებობს სხვა საკითხები, რასაც საზოგადოებაში შეუძლია გამოიწვიოს აღშფოთება და სრულიად სამართლიანად, ამას თავისი პასუხები სჭირდება. თუ გამოძიების ფარგლებში ამას პასუხი გაეცემა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. კითხვაზე კი, შესაძლოა თუ არა, პრეზიდენტს არ სცოდნოდა რას აწერდა ხელს და გამოიკვეთება თუ არა მისი საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას პასუხისმგებლობის საკითხი, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს გამოძიების დასადგენია:

„თეორიული დაშვების დონეზე შემიძლია ასი ვერსია გითხრათ. დღევანდელი ფაქტი და მოცემულობაა, რომ გამოძიება დაიწყო, რაც კარგია, მისასალმებელია, რადგან პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ეს გადაწყვეტილება გავაკრიტიკეთ, ახლა ჯერი გამოძიებაზეა და მან უნდა გაგვცეს პასუხები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის 10 „გამოწვევა“ დაასახელა

არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარუდგინა 10 საკითხი, მისი შეფასებით, გამოწვევა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს. ესენია:

  • საარჩევნო რეფორმა, რომელიც უკავშირდება 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემით ჩატარებას. იგეგმება ასევე პარტიების დაფინანსების მოდელის შეცვლა, ცვლილებების განხორციელება პარტიების რეგისტრაციასთან და საარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით.
  • სასამართლოს რეფორმა- საშემოდგომო სესიაზე იგეგმება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელება. ორშაბათიდან, 23 სექტემბრიდან იწყება უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა.
  • ვროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
  • საპარლამენტო ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე
  • 2020 წლის ბიუჯეტი. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პარლამენტი მიიღებს ბიუჯეტს, „რომელიც იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქის ბიუჯეტი, სადაც თავის თავს ყველა მოქალაქე დაინახავს“ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი აპირებს მხარი დაუჭიროს პენსიის გაზრდას მომავალი წლიდან.
  • ტერიტორიული მთლიანობა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა
  • გარემო და ეკოლოგია
  • ბავშვის უფლებები, რომელშიც პრიორიტეტული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების უფლებები.
  • ბიზნესის მხარდაჭერა
  • სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, რაც, პარალმენტის თავმჯდომარის თანახმად, პირველ რიგში მიწის რეფორმის ბოლომდე მიყვანას გულისხმობს.

არჩილ თალაკვაძე ვარაუდობს, რომ მიმდინარე საშემოდგომო სესია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იქნება, თავად კი აპირებს პარლამენტის საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ATP-ის (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის) ტურნირზე გამოსვლა მეოთხედფინალით დაასრულა.

მსოფლიოს რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 61-ე ჩოგანს - ჟო ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდა და პირველი სეტი 7:5 მოუგო. მეორეში 3:6 დამარცხდა. გადამწყვეტ სეტში კი, მაშინ, როდესაც ანგარიში 4:1 იყო ცონგას სასარგებლოდ, ბასილაშვილმა თამაში ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა.

მეცის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე ნომრად იყო განთესილი. საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო და გერმანელ იანიკ მადენს მოუგო - 6:2, 7:6.

არასრულწლოვნები დააკავეს “ზუმერის“ გაქურდვის ბრალდებით

სამართალდამცავებმა ტექნიკის მაღაზია „ზუმერის“ გაქურდვის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ორი არასრულწლოვანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაკავებულმა პირებმა თბილისში პეკინის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „ზუმერში“ უკანონოდ შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, სხვადასხვა სახის აქსესუარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების მიერ მოპარული, თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში დამალული ტელეფონების ყუთები და მათში არსებული აქსესუარები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაღუპული სამხედროების პატივსაცემად მარათონი გაიმართა

რუსთავში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, მარათონი გაიმართა. გარბენში მონაწილეობა 41-ე ბატალიონის, სპეციალური ოპერაციების ძალების, V საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის და სერჟანტთა მომზადების აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.

ექვსკილომეტრიან გარბენში 200-ზე მეტი სამხედრო იყო ჩართული.

დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მარათონი მესამედ გაიმართა.

საუდის არაბეთში აშშ სამხედროებს გააგზავნის

მარკ ესპერი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ამერიკელი სამხედროების საუდის არაბეთში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაგზავნას. პენტაგონის თანახმად, ამერიკა საუდის არაბეთში სამხედრო ძალების მცირე რაოდენობით გაგზავნას გეგმავს.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, მარკ ესპერის განცხადებით, სამეფოს მოთხოვნის საფუძველზე, აშშ-ს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამერიკული ძალების განთავსებას. მინისტრის თქმით, მისია „თავდაცვითი ბუნებისაა“ და იგი მიმართული იქნება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაუმჯობესებისკენ. ესპერიმ არ გამორიცხა, რომ ამ პირველ ნაბიჯებს მომავალში დამატებითი ნაბიჯებიც მოჰყვეს. მისი თქმით, „ვაშინგტონი არ ეძებს კონფლიქტს ირანთან“, თუმცა მზად იქნება ნებისმიერი სიტუაციისთვის.

რეგიონში დაძაბულობა გამწვავდა 14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე განხორციელებულ თავდასხმის შემდეგ, რომელზეც პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს. აშშ-მ თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა, რასაც თეირანმა უსაფუძვლო უწოდა.

"სირცხვილიას" მანიფესტი: ერთობით დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს​​

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოძრაობის მოქმედების გეგმა გააცნო. მანიფესტის წაკითხვის შემდეგ მომიტინგეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათები აჩვენეს.

ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები!

🔴 ექიმები, რომლებსაც ანდობთ ჯანმრთელობას; იურისტები, რომლებსაც ანდობთ სიმართლეს; ჟურნალისტები, რომლებსაც ანდობთ სათქმელს; პოლიციელები, რომლებსაც ანდობთ უსაფრთხოებას; მასწავლებლები, რომლებსაც ანდობთ შვილებს… ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონერები, სპორტსმენები და მაღაროელები – ყველა ის, ვისი სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტიც უკვე სამი თვეა გრძელდება.

🔴 და როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ქვეყნის სამსახურში, ჩვენ ვცვლით მას უკეთესობისკენ. განსხვავებულთა ერთობა იყო, რამაც მოგვიტანა თავისუფლება, რამაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და რამდენიმე კვირის წინ ამანვე მოგვიტანა სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი გამარჯვება – პროპორციული არჩევნები! რადგან როცა ერთად ვდგებით, აღარ არსებობს წინაღობა, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, აღარ არსებობს ძალა, რომელსაც ჩვენ ვერ ვერევით და აღარ არსებობს იარაღი, რომელიც აფერხებს ჩვენს უკომპრომისო და უკანმოუხედავ სწრაფვას თავისუფლებისკენ!

🔴 20 ივნისს ხელისუფლების მიერ ჩადენილმა სამარცხვინო დანაშაულმა განსხვავებულები გაგვაერთიანა, მაგრამ ხელისუფლებამ სამშობლოს ერთგული ხალხის პროტესტს ძალადობით უპასუხა. დაშავდა ასეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორის, მედიის ორმოცამდე წარმომადგენელი და რაც ყველაზე ტრაგიკულია, მოქალაქეთა ჯანმრთელობას მიადგა აუნაზღაურებელი ზიანი.

ჩვენ ამას არ ვპატიობთ!

🔴 დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს: თქვენ გქონდათ შანსი, რომ შეგესმინათ საზოგადოების მოთხოვნები და აგეღოთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე. თუმცა, ამის ნაცვლად, თქვენ ღიად დაუპირისპირდით ხალხის ნებას. თქვენ დააწინაურეთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დამნაშავე იყო ხალხის წინაშე და ქვეყნის პირველ პირად გაასაღეთ იგი.

და ჩვენ, არც ამას ვპატიობთ!

🔴 ჩვენთვის მიუღებელია ერთპიროვნული, ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა. ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მიიტაცა ყველა სახელისუფლებო შტო. იგი აკონტროლებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, რეალობის გასაყალბებლად იყენებს პროპაგანდისტულ მედიას და დევნის თავისუფალ სიტყვას.

დღეს, 2019 წლის 20 სექტემბერს ჩვენ, მისმა უდიდებულესობა სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე დაასრულებს.

🔴 ჩვენ, მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“, აქ შეკრებილი საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც გვიყურებენ და შორიდან გვიჭერენ მხარს, ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა.

🔴 ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა ერთიანდება ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების გარშემო, რაც ნიშნავს დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მთავრობა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, სადაც სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, სადაც საკანონმდებლო ორგანო ემსახურება მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს.

ჩვენ ვერთიანდებით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მიგვაჩნია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უალტერნატივო მომავალია, ისევე, როგორც ევროატლანტიკური სივრცისთვის – საქართველოა უალტერნატივო.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი მოძრაობისა და ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარი – პროპორციული არჩევნები და საბოლოო გამარჯვებისთვის:

  • შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს!
  • იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ გავრილოვის ღამის დაკავებულებსა და დაზარალებულებს!
  • შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის აქტივისტებს!
  • შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას!
  • შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს!
  • ჩვენ ვაწარმოებთ ფართომასშტაბიან კამპანიას იმისათვის, რათა 2020 წელს მოქალაქეთა კრიტიკულმა უმრავლესობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი!

ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს საერთაშორისო არენაზე! ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს საქართველოში! ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში! ჩვენ არასოდეს დავანებებთ ჩვენ ქვეყანას არც იმ, არც სხვა ერთის ნებას და ჩვენ არასოდეს, არასოდეს დავნებდებით!

მამუკა ხაზარაძე: გამოვედი იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე არც ბიზნესი არ ვარგა, არც ქვეყანა

მამუკა ხაზარაძე

გამოვედი იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე არც ბიზნესი არ ვარგა, არც ქვეყანა არ ვარგა, არც ადამიანი არ ვარგა. გამოვედი იმიტომ, რომ თქვენთან ერთად დავდოთ ის განვითარების პერსპექტივა რომელიც არასდროს არ დადებულა სამწუხაროდ. არ დადებულა ბოლო წლების განმავლობაში“,- განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე.

ხაზარაძის თქმით, საზოგადოებამ თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანება უნდა შეძლოს იმისთვის, რათა გამარჯვებული და ბედნიერი ქვეყანა ააშენოს:

„ბიძინა ივანიშვილის კი არა, ამ სისტემის, ამ საბჭოთა, დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ ჩვენ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ან შეძლებს ძალიან მოკლე დროში, ერთ წელში მობილიზებას, პროგრამის დადებას და ძალიან სწრაფ ცვლილებებს, ან ჩვენ ვართ ძალიან დიდი პრობლემები წინაშე-უმუშევრობის, ეკონომიკის ვარდნის, ინვესტიციის არშემოსვლის, გაურკვეველი ვექტორის, ერთმანეთზე გადაკიდების. დახლეჩილი საზოგადოების“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ თავის საპროტესტო აქციაზე. მისი თქმით, ეს არის მისი პირველი ამგვარი გამოსვლა.

თბილისში, პარლამენტის წინ, მოძრაობა “სირცხვილია” 20 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის მოვლენებიდან 3 თვის თავზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას მართავს. აქციაში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიებიც. ხალხის სიმრავლის გამო რუსთაველის პროსპექტი გადაკეტილია.

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანს

აშშ-მა დაუწესა ირანის უწყებებს, სხვათა შორის მის ცენტრალურ ბანკს და სამთავრობო საინვესტიციო ფონდს, ახალი სანქციები საუდის არაბეთის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ. აშშ ირანს ადანაშაულებს თავდასხმაში, რიადი თვლის, რომ ნავთობის მის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის უკან ირანი დგას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრს სახლთან ჟურნალისტებს ამცნო, რომ ეს სანქციები უმკაცრესია, როგორიც კი ოდესმე დაუწესებიათ რომელიმე ქვეყნისთვის.

სანქციები შეეხება ცენტრალურ ბანკს, სამთავრობო სიანვესტიციო ფონდს და ირანში დაფუძნებულ კომპანიას, „ეთემად ჰეჯარათე ფარს“, იტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

განცხადებაში წერია, რომ ეს ორგანიზაციები მთავარ საფინანსო წყაროს წარმოადგენენ ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსის, მისი უცხოური ფილიალის „ყუდსის“ ძალების და შეიარაღებული მოძრაობის, „ჰიზბოლასთვის“.

ვაშინგტონმა ნაბიჯი გადადგა სპრსეთის ყურეში დაძაბულობის ფონზე, რაც გამწვავდა საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე 14 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ.
იემენში მოქმედი, ჰუთის მიმდევარი მეამბოხეები, რომლებსაც თეირანი ეხმარება, აცხადებენ, რომ მათ განახორციელეს თავდასხმა.

აშშ ირანს ადანაშაულებს თავდასხმაში, რიადი თვლის, რომ ნავთობის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის უკან ირანი დგას. თეირანი უარყოფს თავდასხმასთან კავშირს.

მიშა მშვილდაძე: მოითხოვდნენ, ზოგიერთ უმცირესობასთან გვერდით არ დავმდგარიყავით

ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ტიბუნიდან სამი მთავარი სიტყვა ისმოდა: თავისუფლება, ერთობა, თანასწორობა.

მშვილდაძე ამბობს, რომ თანასწორობა ნიშნავს ყველას თანასწორობას.

„ყველანი თანასწორები ვართ, პოლიტიკური უმცირესობებიც, ეთნიკური უმცირესობებიც, რელიგიური უმცირესობებიც, სექსუალური უმცირესობებიც. ეს არის ამ აქციების მთავარი მონაპოვარი. ჩვენგან მოითხოვდნენ, რომ ცოტა „გვეპოპულისტა“ ამ მიმართულებით და ზოგიერთ უმცირესობასთან გვერდით არ დავმდგარიყავით, მაგრამ - არა! არა!“ - თქვა მიშა მშვილდაძემ.

საქართველოს პარლამენტის წინ „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 20 ივნისის შემდეგ ეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან ბოლო, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართება. 21 სექტემბრიდან მოძრაობა სხვა ფორმით განაგრძობს საქმიანობას.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG