Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს გააცნო ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ქვეყნის ოკუპირებულ რგეიონებში შექმნილი ვითარება გააცნო გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს. ინფორმაცია მათი სატელეფონი საუბრის შესახებ, 28 აგვისტოს გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესსა და ადამიანების დაკავებებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესისადმი ერთგულება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ და თანმიმდევრულ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

დავით ზალკალიანი და ანტონიუ გუტერეში მიესალმნენ გაეროს სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის და ვითარების ადგილზე გაცნობის გადაწყვეტილებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. ხაზი გაესვა გაეროს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას, რათა შეჩერდეს დესტრუქციული და ვითარების ესკალაციისაკენ მიმართული პროცესები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის გავლება 7 აგვისტოს განაახლეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგტიანთკართან. 17-18 აგვისტოს, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს 8 მშვიდობიანი მოქალაქე.

შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 19 და 21 აგვისტოს სატელეფონო საუბრები გამართა ეუთოს თავმჯდომარესთან, მიროსლავ ლაიჩაკთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG