Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბრისთვის დაინიშნა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 25 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები.

მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას ხმა მისცა ე.წ. არჩევნებში მონაწილეთა 24,83%-მა. მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია.

დე ფაქტო პრეზიდენტად ასარჩევად მათ ხმების 50%-ზე მეტი სჭირდებოდათ, ამიტომ ხაჯიმბა და კვიცინია მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში, რომელიც დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციამ 8 სექტემბერს დანიშნა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობდა კიდევ 7 კანდიდატი. ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა, ყოფილი დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძაპშბა, დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ასტამურ თარბა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ოლეგ არშბა, დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ალმას ჯაპუა, სოხუმის უნივერსიტეტის ლექტორი არტურ ანქვაბი და მეწარმე ასტამურ კაკალია. მათგან ყველაზე მეტი ხმა - 22,91% ოლეგ არშბას ერგო, ყველაზე ცოტა - 1,02% კი, ასტამურ კაკალიას.

დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 25 აგვისტოს ამომრჩეველთა აქტივობამ 65,18% შეადგინა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა - რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია. ასევე, "სამხრეთ ოსეთის" და "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" მსგავსი სეპარატისტული რეგიონები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG