28 აგვისტოს ავღანეთის დასავლეთში თალიბანის ექსტრემისტებმა დახოცეს მთავრობის მომხრე გასამხედროებული ჯგუფის სულ მცირე 14 წევრი - აცხადებს ავღანეთის მთავრობა. თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა თალიბანის ბევრი მებრძოლი დაესხა თავს ჰერატის პროვინციაში მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს.
ჰერატის პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ცხრა პირი. თალიბანის მებრძოლებმა ბოლოს უკან დაიხიეს, რადგან ავღანეთის სამთავრობო ძალებს ადგილზე მისული დამატებითი შენაერთები დაეხმარნენ. არის მსხვერპლი თალიბანის მხარესაც.
ინციდენტის ფონია აშშ-სა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე შეხვედრები, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, უახლოვდება დასკვნით, შეთანხმების მიღწევის ეტაპს. ამ შეთანხმებით აშშ-მა უნდა დაიწყოს ავღანეთიდან ძალების გამოყვანა, თალიბანი კი პირობას დადებს, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული სხვა ისლამისტური ექსტრემისტული ჯგუფების თავშესაფრად.