Accessibility links

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა


პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა, მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.

აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ბრალდების მხარე ითხოვდა, რასაც ბრალებულის ადვოკატი არ ეთანხმებოდა.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.

თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მას საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.

შემთხვევა პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გამართულ პროცესს ბრალდებული თამარ საძაგლიშვილიც ესწრებოდა.

წინასასამართლო სხდომა 23 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG