როგორც რუსეთის გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება, რუსეთსა და უკრაინას შორის დაპატიმრებული და დაკავებული პირების გაცვლა ჭიანურდება იმაზე უთანხმოების გამო, თუ როგორ გაფორმდეს უკრაინის 24 მეზღვაურის დაბრუნება. გასული წლის ნოემბერში მეზღვაურები რუსეთის მესაზღვრეებმა ჩაიგდეს ხელში ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან. ისინი პატიმრობაში იმყოფებიან და მათ მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. მოსკოვი მეზღვაურებს ბრალს სდებს სახელმწიფო საზღვრების დარღვევაში. კიევი ამას პროვოკაციას უწოდებს და უკრაინის გემებისა და მეზღვაურების შინ დაბრუნებას ითხოვს.
როგორც მოლაპარაკებების პროცესთან ახლოს მდგომმა წყარომ უთხრა „კომერსანტს“, მეზღვაურებს სამშობლოში დააბრუნებენ ნოტარიუსთან დამოწმებული სისხლის სამართლის საქმეების ასლებით. ამგვარად, უკრაინაში ვერ შეძლებენ საქმეების დახურვას, რუსეთი კი მეზღვაურთა დაუსწრებლად გასამართლებას შეძლებს. უკვე გასამართლებულები ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უნდა შეიწყალონ ბრძანებულებებით. რუსეთის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენები მოგვიანებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვისას.
„კომერსანტის“ ცნობით, გაცვლა ფორმატით „33 ადამიანი 33-ზე“, რომელიც შესაძლოა 35-მდე გაიზარდოს, 1 სექტემბერს უნდა გამართულიყო.