Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტებში თავდაცვის და შს-თა მინისტრობის ახალ კანდიდატებს მოუსმენენ


ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური
ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური

საქართველოს პარლამენტის კომიტეტები განაგრძობენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის გახილვას.

10 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმენენ მინისტრობის 4 კანდიდატს, მათ შორის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი ღარიბაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს. მათ გარდა, ოთხი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე წარდგებიან იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი ქეთევან ციხელაშვილი.

14 საათიდან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატებს, ნათია თურნავას, ივანე მაჭავარიანს, ლევან დავითაშვილს და მაია ცქიტიშვილს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2 სექტემბერს მამუკა ბახტაძემ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

3 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენილია ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2019-2020 წლებში მთავრობის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ოთხ საკვანძო მიმართულებად დასახელებულია უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკის განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG