Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი „ლელოზე“: მეტს მოველოდი


„მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიურ-მისტიურ-ლირიული წარმოდგენა ჰქონდა - ლელო, საქართველო, პოეზია...მეტს მოველოდი. არ ვიცი, ვნახოთ მომავალში როგორ განავითარებს“, - უთხრა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოს" შეფასებისას.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელოა.“

ახალი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართა.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება.

ახალი მოძრაობის დამფუძნებლებს პროკურატურა "ფულის გათეთრებას" ედავება. მამუკა ხაზარაძეს "თიბისი ბანკის" მეორე დამფუძნებელთან, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად პროკურატურამ ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

2019 წლის 20 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, დააყადაღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში.

ანგარიშების დაყადაღების ფაქტს პროკურატურა უწოდებს „მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას“.

26 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700 000-700 000 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG