Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გაქცეული ოლეგ სმოლენკოვის გამო კრემლმა დასაჯა რამდენიმე მოხელე


მოსკოვი

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დასაჯა რამდენიმე მოხელე, რომლებმაც დაუშვეს 2017 წელს ოლეგ სმოლენკოვის გაქცევა საზღვარგარეთ. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“.

მედია სმოლენკოვს უწოდებს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტს, რომელიც აშშ-ში გააქციეს უსაფრთხოების მიზნით. წყაროების ცნობით, ორი წლის წინ ის ოჯახთან ერთად დასასვენებლად წავიდა მონტენეგროში, მიუხედავად იმისა, რომ რუს მოხელეებს აკრძალული ჰქონდათ იქ ჩასვლა.

ეს შეზღუდვა დაწესდა მას შემდეგ, რაც მონტენეგროს ხელისუფლებამ მოსკოვი დაადანაშაულა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, რასაც რუსეთი უარყოფს.

სმოლენკოვთან დაკავშირებით რუსი მოხელეების საქციელი კვალიფიცირდება, როგორც უპასუხისმგებლობა და ყურადღების მოდუნება. წყაროს თანახმად, ზოგიერთი მოხელე დაითხოვეს სამსახურიდან.

სახლი ვირჯინიაში, სადაც, სავარაუდოდ, სმოლენკოვი ცხოვრობს
სახლი ვირჯინიაში, სადაც, სავარაუდოდ, სმოლენკოვი ცხოვრობს

უფრო ადრე სმოლენკოვის სახელმა თავი იჩინა აშშ-ის დაზვერვის მიერ გადაბირებულ რუს მაღალჩინოსანზე გავრცელებულ ინფორმაციაში. მედიის თანახმად, ამერიკული დაზვერვის თანამშრომელი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იკეთებდა კარიერას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაგრამ გამოაშკარავების საფრთხის გამო 2017 წელს იგი რუსეთიდან გააპარეს მონტენეგროს გზით.

ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, რუსეთმა ინტერპოლს მიმართა სმოლენკოვის ადგილსამყოფლის დასადგენად.

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ რუსეთიდან გაქცეული აგენტის შესახებ ცნობას უწოდა „არაზუსტი“. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას აკმაყოფილებს უწყების ეს განმარტება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG