Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დღესაც უშედეგოდ დასრულდა


ერგნეთი
ერგნეთი

ერგნეთში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით ბოლო ორ კვირაში გამართულ მეოთხე ტექნიკურ შეხვედრაზეც მხარეები მხოლოდ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„პოზიციები კვლავ არის დიამეტრალურად განსხვავებული. კერძოდ, ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ პოლიციის სტანდარტული საგუშაგო [ჩორჩანასთან] გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და მისი დანიშნულებაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა. ამასთანავე, კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა“, - უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მისი თქმით, ამავე საკითხზე მეორე მხრიდან გაჟღერდა დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები და, შესაბამისად, კონსენსუსი მიღწეული არ არის.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 4 სექტემბრიდან, ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანის მახლობლად მიმდინარე პროცესებს, რასაც ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხია, ახალგორთან ე.წ. გადასასვლელებით ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს და მათი დაკეტვა კიდევ უფრო გაუუარესებს ცხოვრების პირობებს. ირაკლი ანთაძის თქმით, მეორე მხარეს კონსტრუქციული პოზიცია არც ამ საკითხში ჰქონია.

სუს-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე ახალგორში ჰუმანიტარული კატასტროფა არ არის, თუმცა, გადასასვლელების დაკეტვა გარკვეული პერიოდის შემდეგ სერიოზულ კონკრეტულ პრობლემებს გააჩენს. ამიტომ, ანთაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მიაღწიონ ამ გადასასვლელების გახსნას.

13 სექტემბერს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ იმაზე, რომ პოზიციების დაახლოების მიზნით დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მომდევნო შეხვედრის თარიღი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით განისაზღვრება.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ჩორჩანასა და წნელისს შორის არსებულ ტერიტორიაზე აღმართულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი დროშა და ერთი უკანონო საგუშაგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG