Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა და ნეტანიაჰუმ სამხედრო ურთიერთდახმარების ხელშეკრულების პერსპექტივებზე ისაუბრეს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ სატელეფონო საუბარში განიხილეს აშშ-ისრაელის სამხედრო ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივა.

„ხელშეკრულება ხელს შეუწყობდა ჩვენი ორი ქვეყნის დიადი კავშირის შემდგომ განმტკიცებას“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“.

ნეტანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ამერიკის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ „ისრაელს თეთრ სახლში არასოდეს ჰყოლია უფრო ახლო მეგობარი“.

ერთობლივი ხელშეკრულების განხილვას ტრამპი და ნეტანიაჰუ განაგრძობენ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რომელიც მომავალ კვირაში დაიწყება ნიუ-იორკში.

ისრაელს სურს, აშშ-ის მხრიდან დახმარების ოფიციალური გარანტიები მოიპოვოს ირანთან სამხედრო კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, აღნიშნავს როიტერსი.

დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეტანიაჰუმ ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. არჩევნები სამშაბათს იმართება. საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნეტანიაჰუს პარტიამ და მისი მთავარი მეტოქის, ბენი განცის ცენტრისტულმა პარტიამ დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ხმები შეიძლება მოიპოვონ. მიმომხილველთა აზრით, აშშ-სთან ხელშეკრულებამ შესაძლოა გაზარდოს ამჟამინდელი პრემიერის გამარჯვების შანსები.

XS
SM
MD
LG