Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო


საქართველოს 2000-ზე მეტ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.

სწავლის დაწყება ერთი, ან ორი კვირით გადაიდო 19 სკოლაში, სადაც 16 სექტემბრისთვის ვერ მოესწრო სარემონტო სამუშაოების დასრულება. მათ შორისაა თბილისის ათი, ტყიბულის ორი, დედოფლისწყაროს ორი და ქობულეთის, გორის, ხაშურის, ახალქალაქის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების თითო სკოლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლისთვის საქართველოში მთლიანი, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა 700-მდე სკოლაში.

წელს საქართველოში 55 000-მდე პირველკლასელია. საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 პირველკლასელი მოსწავლე დარეგისტრირდა.

განათლების სამინისტროს ცნობით, საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელსა და დამრიგებელს უფასოდ დაურიგდა განახლებული სპეციფიკის ბუქები, რომელშიც ორჯერ გაზრდილია ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკის მოცულობა. ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა,“ რომელსაც გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად, დამატებით სასწავლო რესურსად გამოიყენებენ.

16 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი განახლდა მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.

XS
SM
MD
LG