Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთის პორტში ვერ შევიდა ამერიკული ხომალდი


საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი გამოეხმაურა მანამდე გავრცელებულ ცნობებს, რომ ფოთის პორტში შესვლა ვერ შესძლო ამერიკულმა ხომალდმა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ პორტი კომერციულ გემს ჰქონდა დაკავებული.

“გემის არშეშვება არ ყოფილა. ამერიკული გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო კომერციული გემის მიერ. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და თავისი გრაფიკით გააგრძელა გზა” – ნათქვამია ელიზაბეტ რუდის განცხადებაში, რომელიც მედიას საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოაწოდა.

მედიაში მანამდე გავრცელებული ცნობებით, ფოთის პორტში შესვლის საშუალება არ მიეცა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდს “USNS Yuma T-EPF-8”. სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, ხომალდი შავ ზღვაში მიმდინარე თვეში შემოვიდა და ის ფოთის პორტს უნდა მიეღო, თუმცა ხომალდი უკან გაბრუნდა.

ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, სწრაფმავალი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის შავ ზღვაში შესვლის თაობაზე ცნობა თავდაპირველად გაავრცელა Bosphorus Observer-მა, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებას ადევნებს თვალს. რუსეთის მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის მართვის ცენტრის ცნობას, რომ ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა 14 სექტემბერს, საღამოს, და მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები აედევნენ.

ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, USNS Yuma განეკუთვნება Spearhead-ის ტიპის მრავალფუნქციურ ხომალდს, წელს ის მესამედ შევიდა შავი ზღვის აკვატორიაში, შესვლის მიზნები უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG