Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყელსახვევებიანი პირველკლასელების პედაგოგს კლასის დამრიგებლობა ჩამოართვეს


ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგს, ქეთევან ვეკუას, რომელმაც ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად პირველკლასელებს საჩუქრად შინდისფერი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგა, კლასის დამრიგებლობა ჩამოართვეს.

ამასთან, სკოლის დისციპლინური კომიტეტი მიიჩნევს, რომ პედაგოგი სასტიკი საყვედურის გამოცხადებასაც იმსახურებს. კომიტეტის შეფასებით, მასწავლებელმა ეთიკის კოდექსი დაარღვია, რადგან გადაწყვეტილება სკოლის ადმინისტრაციას არ შეუთანხმა

ორი ფერის ყელსახვევიანი პირველკლასელების ფოტოები სოციალურ ქსელებში 16 სექტემბერს გავრცელდა, რაც საზოგადოების ნაწილმა საბჭოთა პიონერის სიმბოლოს - წითელი ყელსახვევის გამოყენებად აღიქვა.

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის დირექციამ საკითხი განსახილველად გადასცა დისციპლინურ კომიტეტს.

„კომიტეტმა გამოსცა ოქმი და მიიჩნია, რომ ეს იყო დარღვევა, რომელიც არ იყო შეთანხმებული სკოლის დირექციასთან. ეს იყო გაუაზრებელი ქმედება, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო შეთანხმებული ადმინისტრაციასთან. ამ გაუზრებელმა ქმედებამ გამოიწვია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, ამიტომ კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ შინაგანაწესის დარღვევისთვის, კერძოდ, მოვალეობისადმი დაუდევრობის გამო გამოეცხადოს სასტიკი საყვედური. ეს ოქმი გადაეცა სკოლის დირექტორს, რომელმაც სამი დღის ვადაში უნდა გამოსცეს ბრძანება სასტიკი საყვედურის გამოცხადებაზე და რამდენადაც ვიცი, დირექტორი ამ მოსაზრებას ეთანხმება“, - განაცხადა ქობულეთის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადონა გოგიტიძემ.

თავად ქეთევან ვეკუამ 16 სექტემბერს, აჭარის ტელევიზიას უთხრა, რომ პირველკლასელებისთვის მისი საჩუქრის ერთადერთი მიზანი იყო საკუთარი მოსწავლეების სხვა მოსწავლეებისგან გარჩევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG