საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რადიო თავისუფლებას ოფიციალურ პოზიციას აცნობს აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდის “USNS Yuma T-EPF-8” ფოთის პორტში ვერშესვლის მიზეზების შესახებ.
როგორც სააგენტოში გვითხრეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააგენტომ ყველა წყაროდან შეაგროვა ინფორმაცია.
„ფოთის ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომზე 16 სექტემბერს დილის საათებში დაგეგმილი იყო ამერიკული სამხედრო გემის “UMA” დაყენება, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ფოთის პორტში მყოფი საკონტეინერო გემის სატვირთო ოპერაციების დამთავრება და გასვლა შეყოვნდა და შესაბამისად, შეფერხდა ამერიკული გემის შემოსვლაც", - აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, ფოთის ნავსადგურისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, პორტს გარეთ მიმდინარე სატვირთო ოპერაციებში მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, რაც, მათი შეფასებით, ნორმალური პროცესია, საკონტეინერო გემის დატვირთვა ვერ დასრულდა დაგეგმილ დროში.
ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მიუთითებს, რომ ამერიკულ გემს, რომლელიც შემოსვლის მიზანიც იყო კომერციული ხასიათის, დროულად ეცნობა შექმნილი გარემოების დეტალები და გააფრთხილეს, რომ ნავსადგურში შესვლის დრო გადაიწევდა.
„აღსანიშნია, რომ ყველა შესაბამისი ნებართვა სახელმწიფო უწყებებისაგან გაცემული იყო. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყებასთან იყო შეთანხმებული ეს ვიზიტი. უბრალოდ მოხდა ტექნიკური შეფერხება“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მისი ინფორმაციით, პორტში გემის შესვლას კომერციული ხასიათი ჰქონდა და ამიტომ არ იყო გათვალისწინებული ოფიციალური დახვედრა, შესაბამისად, არავინ იყო მასპინძელი.
ამ საკითხს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი 18 სექტემბერს გამოეხმაურა.
„გემის არშეშვება არ ყოფილა. ამერიკული გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო კომერციული გემის მიერ. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და თავისი გრაფიკით გააგრძელა გზა“ - ნათქვამია ელიზაბეთ რუდის განცხადებაში, რომელიც მედიას საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოაწოდა.
მედიაში მანამდე გავრცელებული ცნობებით, ფოთის პორტში შესვლის საშუალება არ მიეცა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდს “USNS Yuma T-EPF-8”. სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, ხომალდი შავ ზღვაში მიმდინარე თვეში შემოვიდა და ის ფოთის პორტს უნდა მიეღო, თუმცა ხომალდი უკან გაბრუნდა.
ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, სწრაფმავალი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის შავ ზღვაში შესვლის თაობაზე ცნობა თავდაპირველად გაავრცელა Bosphorus Observer-მა, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებას ადევნებს თვალს. რუსეთის მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის მართვის ცენტრის ცნობას, რომ ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა 14 სექტემბერს, საღამოს, და მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები აედევნენ.
ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, USNS Yuma განეკუთვნება Spearhead-ის ტიპის მრავალფუნქციურ ხომალდს, წელს ის მესამედ შევიდა შავი ზღვის აკვატორიაში, შესვლის მიზნები უცნობია.