Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიღმის ტყე-პარკში „ორანჟერეის“ მშენებლობა სასამართლომ დროებით შეაჩერა


დიღმის ტყე-პარკის განაპირას მულტიფუნქციური ცენტრის „ორანჟერეის“ მშენებლობა კომპანია „ანაგს“ დროებით, სასამართლო დავის დასრულებამდე აეკრძალა. ასეთი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ინფორმაციას, თავის მხრივ, ავრცელებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეები“. ორგანიზაციის შეფასებით, დიღმის ტყე-პარკის განაპირას, „კია მოტორსის“ შენობის ტერიტორიაზე მშენებლობის დროებითი შეჩერება პირველი პოზიტიური ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა ბრძოლამ შედეგი გამოიღოს.

მოსარჩელე მხარის,„უსაფრთხო სივრცის“ ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენს. როგორც მისმა ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ გვითხრა, 16 სექტემბერს სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის შუამდგომლობა, სასამართლო დავის დასრულებამდე სამშენებლო სამუშაოების შეჩერების შესახებ.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ შემთხევაში, თუ საქმის განხილვის პარალელურად კომპანია იქ სამუშაოებს აწარმოებდა, შესაძლოა დამდგარიყო შეუქცევადი შედეგი, რა დროსაც სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც კი ვეღარ აღდგებოდა ის სიკეთე, რაც დავის დაწყების დროს იყო“, - გვითხრა სულხან სალაძემ.

დავა კომპანია „ანაგის“ წინააღმდეგ „უსაფრთხო სივრცემ“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მშენებლობის ნებართვა და სამუშაოები, რომლის შესრულებაც იგეგმება, უკანონოა. საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დაწყებულა.

სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ 3 ნაკვეთს ფლობს, ჯამში 17 000კვ.მ-ზე მეტს. ფართის ნაწილი დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული კომპანია „კია მოტორსს“. „კია მოტორსს“ აქ ავტომობილების მომსახურების ცენტრი აქვს გახსნილი. „ანაგი“ ცენტრის ადგილას მრავალფუნქციური „ორანჟერეის“ აშენებას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG