Accessibility links

site logo site logo

ბრიტანეთი აცხადებს, რომ ირანი დგას საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე თავდასხმის უკან


ბორის ჯონსონი

ლონდონის დასკვნით, ირანს ეკისრება პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე 14 სექტემბერს განხორციელებულ თავდასხმაზე, - ამის თაობაზე განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელმაც დასძინა, რომ ბრიტანეთი განიხილავს, საუდის სამეფოს თავდაცვის მიზნით, აშშ-ის ლიდერობით ჩაფიქრებულ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

ამასთან, როგორც ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიმავალმა ბორის ჯონსონმა თვითმფრინავში უთხრა ჟურნალისტებს, ბრიტანეთი გააგრძელებს მუშაობას მოკავშირეებთან ერთად, რათა განიმუხტოს ვითარება ახლო აღმოსავლეთის გარშემო.

ბრიტანეთის კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლონდონი „მაღალი ალბათობით არის დარწმუნებული“, რომ პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება საუდის არაბეთზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმაში.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა უკიდურესად დაიძაბა 1 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რაშიც აშშ და საუდის არაბეთი ადანაშაულებს ირანს, რომელიც აგრძელებს საომარ მოქმედებებს იემენსა და სირიაში.

20 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება აშშ-ის სამხედრო ძალების „ზომიერი“ გაზრდის შესახებ საუდისა არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

„თუ შეგვეკითხებიან, ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რა სახით შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ირანი კვლავინდებურად უარყოფს თავის კავშირს საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG