Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი აცხადებს, რომ ბოკერიას "ცინიკური დამოკიდებულება" აქვს ქართული ტრადიციების მიმართ


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არსებობს „ფუნდამენტური განსხვავებები“ მასსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის. ყოფილ თანამებრძოლს სააკაშვილმა უწოდა "ანტიქრისტიანი", რომელსაც ყოველთვის „ცინიკური დამოკიდებულება“ ჰქონდა ქართული ტრადიციების მიმართ.

„მე, ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ესეა, ვატარებ ჯვარს... ბოკერიამ, ამ ადამიანმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი მაქსიმალური დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან. და ეს არის რეალობა“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეარხ „მთავართან“ ინტერვიუში.

ამასთან სააკაშვილმა მიიჩნევს, რომ "ევროპულ საქართველოში" არის ბევრი "ნორმალური" ადამიანი და მათთან მომავალშიც არ გამორიცხავს თანამშრომლობას.

გადაცემა "მთავარი აქენტების" წამყვანები ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე რამდენჯემე შეეცადნენ გაერკვიათ გიგა ბოკერიას კონკრეტულად რა "ანტიქრისტიანულ" და "ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო" ქმედებებს გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

მიხეილ სააკაშვილი არ დაეთანხმა ჟურნალისტებს, როდესაც მისი განცხადებები "ტრადიციების" დაცვის შესახებ, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის, და ულტრა-კონსერვატორი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის განცხადებებს შეადარეს.

"ევროპული საქართველოს" წევრები სააკაშვილის განცხადებებს სოციალური ქსელებით გამოეხმაურნენ.

"მთავარი არხს" საქართველოს მესამე პრეზიდენტი 29 სექტემბერს უკრაინიდან სკაიპით ჩაერთო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG