რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი რაიონის, ლიტეინის საბჭოში, პირველსავე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზიდან "ცოცხალი პოლიტიკური მოღვაწეების" სურათების ჩამოხსნის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ დარბაზში ჩამოხსნიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პორტრეტს.
ნაცვლად ამისა დეპუტატებს განზრახული აქვთ დაკიდონ აკადემიკოს ანდრეი სახაროვის სურათი, "თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის" ბრძოლის საქმეში შეტანილი მისი ღვაწლის აღსანიშნავად.
ტვიტერში გამოქვეყნებული ასლის თანახმად, გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს. სხდომაში არ მონაწილეობდა "ედინაია როსია", რომელმაც განვლილი მუნიციპალური არჩევნების შედეგად აღნიშნულ რაიონულ საბჭოში დაკარგა უმრავლესობა. იგი პარტია "იაბლოკოს" ეკუთვნის.
მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ფრუნზეს რაიონის მინიციპალურმა საბჭომ, სადაც მანდატების უმრავლესობა ეკუთვნის "ზრდის პარტიას".
იქ სხდომათა დარბაზიდან ჩამოხსნეს პუტინისა და გუბერნატორ ალექსანდრ ბეგლოვის, სურათები, რომლებიც ბოლოს ოლქის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ თავის კაბინეტში ჩამოკიდა.
8 სექტემბრის არჩევნების შედეგად ოპოზიციამ რუსეთში გაიუმჯობესა პოზიციები პეტერბურგის ზოგიერთ მუნიციპალურ საბჭოში, რიგ ოლქებში კი უმრავლესობა მოიპოვა.