Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე-5 უშედეგო ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში


ერგნეთში დასრულდა მეხუთე ტექნიკური შეხვედრა. მასზე განსახილველი საკითხი იყო ჩორჩანა-წნელისის ტყის მონაკვეთზე განთავსებული საგუშაგოები. საქართველოს ხელისუფლებამ 30 აგვისტოს ჩორჩანის ტყეში განათავსა საპოლიციო საგუშაგო, რასაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა და მათ მოითხოვეს საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟი. თუმცა, ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, არ აპირებენ საგუშაგოს დემონტაჟს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მათ ისაუბრეს ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა, ცხინვალის წარმომადგენელთა ხისტი პოზიციის გამო, კონსტუქციული დიალოგის წარმართვა ვერ მოხერხდა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ცხინვალელი მონაწილეები კვლავ არ აღმოჩნდნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. კერძოდ, ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ წნელისი-ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივში შეწყდეს ყოველგვარი უკანონო აქტივობა, რაც ადგილზე დაძაბული სიტუაციის განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. მათ საპირისპიროდ გააჟღერეს არაერთგზის დეკლარირებული პოზიცია, რომ მოიხსნას ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო და დატოვოს ტერიტორია, რაც არის მიუღებელი“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

მისივე სიტყვებით, 2 ოქტომბერს აღარ შედგება გეგმური ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა. მასში მონაწილეობაზე უარი ცხინვალის მხარემ განაცხადა.

საუბარი ჟენევის თანათავმჯდომარეების მოლაპარაკებათა ფორმატში გაგრძელდება, შეხვედრა ჟენევაში მომავალ კვირაშია დანიშნული.

რაც შეეხება ახალგორის ე.წ. საზღვრების ჩაკეტვას, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ თემას ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვდერაზეც შეეხნენ. ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 4 სექტემბრიდან, ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა ჩორჩანის მახლობლად მიმდინარე პროცესებს დაუკავშირეს. ამაზე ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხია, ახალგორთან ე.წ. გადასასვლელებით ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს და მათი დაკეტვა კიდევ უფრო გაუუარესებს ცხოვრების პირობებს. ირაკლი ანთაძის თქმით, მეორე მხარეს კონსტრუქციული პოზიცია არც ამ საკითხში ჰქონია.

„ახალგორის მიმართულებით გამშვები პუნქტების ჩაკეტვა თავად დე ფაქტო რეჟიმის წარმომდგენლებმა დაუკავშირეს ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, ამ შემთხვევაშიც დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, რომ გამშვები პუნქტების ფუნქციონირება უკავშირდება ჰუმანიტარულ საკითხს და იგი უკავშირდება იმას, რომ ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას მიეცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება. სამწუხაროდ, გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით პასუხი კვლავაც არ მიგვიღია“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისი სიტყვებით, ამ თემაზე მსჯელობაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში გაგრძელდება.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ჩორჩანასა და წნელისს შორის არსებულ ტერიტორიაზე აღმართულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი დროშა და ერთი უკანონო საგუშაგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG