Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენების დაყრაზე მერია ჯარიმას გაზრდის


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმები გაიზრდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, უკვე მზადაა კანონპროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

„თუ აქამდე ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 1 კუბურ მეტრამდე სამშენებლო ნარჩენის დაყრაზე იყო 200 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს მის გაზრდას პირველ შემთხვევაში 1000 და 3000 ლარამდე. ძველი კანონმდებლობით, ერთ კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა ფიქსირებული იყო და წარმოადგენდა 500 ლარს ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხოლო 1500 ლარს იურიდიული პირის შემთხვევაში. ამ საკანონმდებლო ინიციატივით ჩვენ ვაკეთებთ გრადაციას, რომლის მიხედვით, 1-დან 10 კუბურმეტრამდე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის იქნება 3000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 6000 ლარი. 10-დან 50 კუბურმეტრამდე სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა იქნება ფიზიკური პირისთვის 10 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის - 30 000 ლარი. 50 ან 50-ზე მეტი კუბური მეტრის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის იქნება 30 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 000 ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების განხორციელება, რადგან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მუნციალიტეტისთვის, როდესაც სამშენებლო ნარჩენის დაყრა არ ხდება ნებადართულ ტერიტორიებზე და მას ხშირად ანთავსებენ ქალაქის სხვადასხვა უბანზე, ლოკაციაზე, კერძო საკუთრების ტერიტორიაზე. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და სჭირდება მიხედვა და მოწესრიგება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი სიტყვებით, ჯარიმის ოდენობა გაიზრდება სამედიცინო ნარჩენების გადაყრაზეც. კახა კალაძე ამბობს, რომ ხშირად სამედიცინო ნარჩენებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნებში ყრიან, რაც ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს ქმნის.

კახა კალაძის სიტყვებით, სამედიცინო ნარჩენების არასწორად განთავსებისთვის ფიზიკურ პირს 12-ჯერ გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება. თუ აქამდე ჯარიმა 400 ლარი იყო, საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, 5 ათასი ლარი გახდება, იურიდიული პირები კი 1000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ინიციატივას მხარს დაუჭერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG