Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძის თქმით, 1 ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, 1 ოქტომბერს რეგულაციის დარღვევისთვის დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ.

„რეფორმა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები 1 ოქტომბერთან დაკავშირებით, მათ ეგონათ, რომ 1 ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ. საშეღავათო პერიოდი 1 ოქტომბრამდე იყო. ამის გამო, ეს ადამიანები ქალაქში გამოვიდნენ და პატრულმა 200-ლარიანი ჯარიმებით დააჯარიმათ. გადავწყვიტეთ, ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად და ფინანსური ჯარიმის მოსახსნელად, ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობასთან შეთანხმებით, დავაინიციროთ საკანონმდებლო ერთჯერადი აქტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები მოეხსნებათ ტაქსის იმ მძღოლებს, ვინც პირველ ოქტომბერს დაჯარიმდა“, – მამუკა მდინარაძის განცხადებას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა თბილისის მერიას. როგორც ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობდა, 1 ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა არ იგეგმებოდა.

„ჩვენ რომ არ გაგვეფრთხილებინა ეს ხალხი და ისე დაგვეწერა ჯარიმა, ლეგიტიმური იქნებოდა მოთხოვნა გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ორ დღეში ერთხელ მოსდიოდათ სმს-ები და ვაფრთხილებდით, აეღოთ ვაუჩერები და გადაეთეთრებინათ მანქანები“, - ამბობდა ირაკლი ხმალაძე მდინარაძის განცხადებამდე ერთი დღის ადრე.

პირველი ოქტომბრიდან თბილისში ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტაქსების დაყოფას A და B კატეგორიებად.

A კატეგორიის ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ამ კატეგორიის ტაქსებს მგზავრების აყვანის უფლება ქუჩიდანაც აქვთ. A-სგან განსხვავებით, B კატეგორიის ტაქსები გამოძახებით იმუშავებენ.

ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე 200 ლარით ჯარიმდება.

XS
SM
MD
LG