Accessibility links

პროკურატურაში „ფორმულის“ გენერალური დირექტორის გამოკითხვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა


გენერალურ პროკურატურაში „ინტერმედია პლუსის“ საქმეზე ტელეკომპანია „ფორმულის“ გენერალურ დირექტორის ზუკა გუმბარიძის გამოკითხვა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა.

„ყველა კითხვას ვუპასუხე და შესაბამისად, გამოძიებას შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს უკავშირდება ტელეკომპანია „ფორმულას“, თუმცა ის 5 ოქტომბერს ეთერში უკვე საინფორმაციო გამოშვებით გავა“, - ამბობს ზუკა გუმბარიძე პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ამ საქმეში ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში აბსოლუტურად ყველა კომპანია პირნათელია.

„გამოძიებისთვისაც კი ნათელია, რომ ამ საქმეში კრიმინალის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ ჩნდება შეკითხვა - 9 საათი რას ვაკეთებდით პროკურატურაში? „ფორმულა“ გავიდა ეთერში და იმავე დღეს პროკურატურიდან გაისმა ზარი, რასაც მრავალსაათიანი გამოკითხვა მოჰყვა“, - აღნიშნავს ბექა ბასილაია.

საქმე ეხება „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ეპიზოდს. როგორც პროკურატურა აცხადებდა, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შპს „ინტერმედია პლუსის” დეკლარირებულმა მოგებამ კი - 8 690 664 ლარი.

პროკურატურის განცხადების თანახმად, 2015 წლის 16 იანვარს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინტერმედია პლუსთან“, რომლის მფლობელთა შორის არის ზუკა გუმბარიძე.

7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG