Accessibility links

ირაკლი სესიაშვილი: ნატოს ელჩებს ძალიან ობიექტური აღქმა აქვთ საქართველოს პროგრესზე


„მოვისმინეთ შეფასებები, მიმდინარე რეფორმების პროგრესის სრული მხარდაჭერა და ცხადია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და საპარლამენტო დელეგაციასთან შედგა.

მან ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე, რომელიც ბათუმში, 3-4 ოქტომბერს იმართება.

„თავად ფაქტის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის, უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოს აქვს საშუალება, ადგილზე გაეცნოს, მიიღოს ინფორმაცია რეფორმების შესახებ და თავად გამოიტანოს დასკვნა. ამ შეხვედრების ფარგლებში ელჩებმა მიიღეს აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია ყველა მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვანია მხარდაჭერა იმ საარჩევნო პროცესის და რეფორმის, რომელსაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საზოგადოებას. ეს არის უპრეცედენტო იმ თვალსაზრისით, რომ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში დათმო თავისი პოზიციები და საშუალება მისცა საზოგადოებას, გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე. ამას ძალიან კარგად ხედავს ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ხედავს ასევე სასამართლო რეფორმასთან მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან და გამჭვირვალე რეფორმას. ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები, სრული მხარდაჭერა მიმდინარე რეფორმების პროგრესის და თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე“, - განაცხადა დეპუტატმა.

მანვე ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან დასმული შეკითხვების შესახებ.

„ნატოს ელჩებს ძალიან ობიექტური და რეალური აღქმა და ინფორმაცია აქვთ იმ რეფორმებთან და პროგრესთან დაკავშირებით, რასაც საქართველო განიცდის. ოპოზიცია, თავის მხრივ, ცდილობდა, ყოფილიყო კრიტიკული, თუმცა კითხვებსა და მხარდაჭერაში გამოჩნდა რეალურად ის აღქმა, რაც ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ საქართველოს პროგრესთან მიმართებაში და ეს არის ძალიან პოზიტიური შეფასება. მთავარი კითხვა იყო, როგორ მოხდეს საქართველოს შემდგომი მხარდაჭერა, გაძლიერება, რომ საქართველომ კიდევ უფრო ახლოს გადადგას ნაბიჯი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მან ისაუბრა შეხვედრის მიმდინარეობისას ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოხატულ პოზიციაზეც.

„მე ასევე მივესალმები ოპოზიციის ძირითადი ნაწილის ერთსულოვნებას, რომ მხარდაჭერილი იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი. ცხადია, ირმა ინაშვილს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდანაც, ასე ვთქვათ, პოზიტიური დამოკიდებულებები დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ამ შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG