მსახიობი ეკა ჩხეიძე დაცულად არ გრძნობს თავს, რადგან კაცი, რომელიც, მისი სიტყვებით, წლებია დასდევს, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
"რომ დალიოს, ის შემაკავებელი ორდერი დააკავებს, თუ რა?!" - ეუბნება ეკა ჩხეიძე რადიო თავისუფლებას.
56 წლის კაცი, რომელიც - ეკა ჩხეიძის მტკიცებით - წლებია მსახიობს უთვალთვალებს, დაჰყვება და ხვდება სამსახურთან, სადარბაზოში, სახლთან, 28 სექტემბერს დააკავეს. სასამართლომ კი ის 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ეკა ჩხეიძე ამბობს, რომ წლებია, კაცი აწუხებს, ყვირის, იგინება, ილანძღება და ამასთანავე უმტკიცებს, რომ 10 წელია უყვარს და მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია:
"არაადეკვატურია როცა სვამს და მე არ შემიძლია ვაკონტროლო."
მსახიობის თქმით, მან კაცი "30-ჯერ" გააფრთხილა, რომ უჩივლებდა. საბოლოოდ, პოლიციაში მეზობლებმა დარეკეს.
"სროლა ატეხა. მეზობლები გამოცვივდნენ და ატყდა ამბავი და მერე მე მივეცი ჩვენება, როგორც იყო. სხვა გზა არ დამიტოვა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დააკავეს", - ამბობს ეკა ჩხეიძე.
მსახიობი ფიქრობს, რომ გამოსავალი, შესაძლოა, ელექტრონული სამაჯურიც იყოს. თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" განმარტავს, ინიციატივა მსხვერპლების დასაცავად სამაჯურის გამოყენების შესახებ ძალაში ჯერ არ შესულა.
ეკა ჩხეიძე სამართალდამცავებს იმგვარი ქმედებების განხორციელებას სთხოვს, რომ "სტრესში არ იყოს".
56 წლის კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236- მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. ეს მუხლები იძულებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერსაა დანიშნული.