Accessibility links

ჰონგ-კონგში ხალხი ნიღბების ტარების აკრძალვას აპროტესტებს


ჰონგ-კონგში ათასობით ადამიანმა გამართა დაუგეგმავი საპროტესტო აქციები მას მერე, რაც ქალაქის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ აპირებს აკრძალოს ნიღბების ხმარება ქუჩის დემონსტრაციების დროს.

მეგაპოლისში ვითარება გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბერს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 14 წლის დემონსტრანტი. ის საავადმყოფოშია და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

შაბათი უკანასკნელი დღეა, როცა ჰონგ-კონგელები ქუჩებში სახის დაფარვას შეძლებენ. დღეს ბევრმა მიატოვა სამუშაო, რათა ნიღბით მიეღო მონაწილეობა დემონსტრაციებში. ისინი შიშობენ, რომ ქალაქის ხელისუფლება სხვა შემზღუდავ ზომებსაც შემოიღებს.

„ეს წყალგამყოფი ხაზია. ეს რუბიკონია“, - მოჰყავს „ბიბისის“ ქალაქის დეპუტატ კლაუდიო მოს სიტყვები. „ვშიშობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი შეიძლება იყოს. შეიძლება მეტი დრაკონული აკრძალვა გველოდეს“.

ჰონგ-კონგში საპროტესტო გამოსვლები მარტში დაიწყო. დემონსტრანტები მოითხოვდნენ, ქალაქის პარლამენტს უკან წაეღო კანონპროექტი, რომელიც უფლებას იძლეოდა, სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილთა საქმე გადასცემოდა კონტინენტური ჩინეთის სასამართლოებს. შემოდგომისთვის მოთხოვნათა სია გაიზარდა - ახლა დემონსტრანტები იბრძვიან ქალაქის ავტონომიის შენარჩუნებისა და ქალაქის პროჩინური ადმინისტრაციის გადადგომისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG