Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს


საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება გერმანიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. 9 საათზე დაგეგმილი ცერემონიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

გერმანიის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

შტაინმაიერი თბილისში ქართველ ბიზნესმენებსაც შეხვდება, შემდეგ კახეთს ეწვევა და დაათვალიერებს რამდენიმე ღვინის ქარხანას, ალავერდის მონასტერს და ერეკლე მეფის მუზეუმს.

გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 6 ოქტომბერს, საღამოს ესტუმრა. ბოლო 23 წლის განმავლობაში ეს გერმანიის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტია. 23 წლის წინ საქართველოს გერმანიის პრეზიდენტი რომან ჰერცოგი სტუმრობდა.

როგორც DW იუწყება, 6 ოქტომბერს თბილისში, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თქვა, რომ ასეთი ხანგრძლივი შესვენება არ შეესაბამება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ ღრმა პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობებს.

გერმანიის პრეზიდენტის განცხადებითვე, დღეს საქართველოში მარტივი ვითარება არ არის, რადგან ინერციის ძალები ებრძვიან მათ, ვინც წინ მიდის და ევროპულ გზას ეძებს. ამასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დასძინა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დემოკრატიას, რეფორმებს და ევროპულ გზას ემხრობა.

საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

XS
SM
MD
LG