Accessibility links

აგრარულმა კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრაზე გატანაზე უარი თქვა


პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას შეფასებით, მისასალმებელია ნებისმიერი გაზრდილი მაჩვენებელი, ნებისმიერ სექტორში, მაგრამ მიუღებელია ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის 4 მლნ-ით შემცირება.

რასაც ახლა ვამბობ, ამ თემაზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, 4 მლნ-ით ვამცირებთ ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითრების პროგრამას, ასევე შემცირებულია სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვის და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიმართულებით სახსრები. მესმის, რომ ფაროსანაზე შეიძლება იმდენი აღარ იყოს საჭირო, რამდენიც იყო წელს და შარშან, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით და სანამ შეჯამება არ მოხდება, მე მგონია, ესეც არის ნაადრევი. ასევე შემცირებული გვაქვს ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო კონტროლი და მონიტორინგი, ასევე არის მევენახეობა-მეღვინეობის საკითხში, გადამამუშავებელი მრეწველობის დარგში, სადაც სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეკონომიკური კომპონენტი, შემადგენელი იმ ეკონომიკისა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და როგორც აგრარული ქვეყანა, ჩვენთვის ეს არის მაღალი პრიორიტეტის მაჩვენებელი“, - ოთარ დანელიას სიტყვით გამოსვლას პარლამენტის პრესსამსახური აქვეყნებს.

კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სხვა პროგრამებთან ერთად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მოსავლის ამღები ტექნიკის დაფინანსების პროგრამა, რომელშიც 5 მლნ ლარია გამოყოფილი, მოთხოვნილი 35 მლნ-ის ნაცვლად.

„ამ შემთხვევაში რა ვქნათ იმ 17 მლნ მოთხოვნაზე, რომელზეც ხელისუფლებას 500-მდე ბენეფიციარისთვის პირობა აქვს მიცემული“, - მიმართა ოთარ დანელიამ მომხსენებელს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს.

კომიტეტმა 8 ოქტომბერს ბიუჯეტის პროექტი კენჭისყრაზე არ დააყენა. ოთარ დანელიამ მომხსენებელს მიმართა, რომ გადახედონ წარმოდგენილ რიცხვებს, კონსულტაცია გაიარონ მთავრობაში და ამის შემდეგ დაუბრუნდება კომიტეტი ბიუჯეტის პროექტის განხილვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG