Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტმა ელჩ სონდლანდს აუკრძალა კონგრესისთვის ჩვენების მიცემა


ელჩი გორდონ სონდლანდი
ელჩი გორდონ სონდლანდი

სახელმწიფო დეპარტამენტმა აუკრძალა ევროკავშირში აშშ-ის ელჩს, გორდონ სონდლანდს, წარმომადგენელთა პალატაში ჩვენების მიცემა, რაც პრეზიდენტ ტრამპის მიმართ დაწყებული საიმპიჩმენტო გამოძიების ნაწილია.

ამის თაობაზე 8 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა ელჩის ადვოკატმა, რობერტ ლუსკინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანებაში არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ უნდა ეპასუხა სონდლანდს კონგრესის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დასმული შეკითხვებისთვის, რისთვისაც დიპლომატი მზად იყო.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის, საგარეო და, ასევე, ზედამხედველობისა და რეფორმების კომიტეტები აწარმოებენ გამოძიებას იმის დასადგენად, გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს.

ამ გამოძიებამ უკიდურესად დაძაბა ურთიერთობა თეთრ სახლსა და კონგრესის დემოკრატიულ უმრავლესობას შორის.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა ტვიტერით გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს და დემოკრატების მიერ დაწყებულ გამოძიებას უწოდა „კენგურუს სასამართლო“, რაც იდიომატური მნიშვნელობით „მართლმსაჯულების პაროდიას“ ნიშნავს.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ შიფმა, სონდლანდისათვის კონგრესმენებისთვის ჩვენების მიცემის აკრძალვას „მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის დამატებითი მტკიცებულება“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG