Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს „ნავალნის ფონდის“ გამოცხადება „უცხოეთის აგენტად“?


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიანიჭა ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებულ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“ (ФБК), რომელიც, მრავალი წელია, იკვლევს რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გამეფებულ კორუფციას.

„’არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ’ კანონის თანახმად, არაკომერციული ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ იუსტიციის სამინისტრომ 9 ოქტომბერს იმ ორგანიზაციათა რეესტრში ჩართო, რომლებიც უცხოეთის აგენტის ფუნქციას ასრულებენ“, - აღნიშნულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს საიტზე.

„უცხოეთის აგენტის“ სტატუსი ითვალისწინებს კონტროლისა და ანგარიშვალდებულების საგანგებო სისტემას, რომლის უგულებელყოფის თითოეულ შემთხვევაში რეესტრში მოხვედრილ ორგანიზაციას სოლიდური ჯარიმის გადახდა ემუქრება.

„ანტიკორუფციული ფონდის“ სამიზნეში

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ალექსეი ნავალნიმ იუსტიციის სამინისტროსგან მოითხოვა საჯაროდ წარმოადგინოს მტიცებულება, რომ ფონდს „უცხოეთიდან ერთი კაპიკი მაინც აქვს მიღებული“.

არაკომერციული ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ (ФБК) 2011 წელს დააფუძნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ. ფონდი ნავალნის ყველა პროექტს აერთიანებს და დაკავებულია გამოძიებით, რომლის მიზანში სხვადასხვა დროს აღმოჩნდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრესმდივანი დმიტრი პესკოვი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები.

2019 წლის აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის ფონდის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე კორუფციის მუხლით, ხოლო ფონდის თანამშრომლები ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს.

რუსი გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ 2016 წლიდან 2018 წლამდე „კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“ თითქოსდა გაეთეთრებინოს „დიდი ოდენობით თანხა როგორც რუბლებში, ისე უცხოურ ვალუტაში, რომელიც ორგანიზაციისათვის წინასწარ იყო შეძენილი დანაშაულებრივი გზით“.

მალევე 12 სექტემბერს გამომძიებლებმა დაიწყეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისების, ასევე თანამშრომლების და კოორდინატორების ბინების ჩხრეკა.

მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმის ფარგლებში, ჩხრეკის უფლება მისცა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელს, რუსტამ გაბდულინს.

თავდაპირველად საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ФБК-ს მიერ გათეთრდა, დაახლოებით, „ერთი მილიარდი რუსული რუბლი“, მაგრამ გამომძებლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის ადგილზე წარმოდგენილ ორდერებში 75 ათასი რუსული რუბლი იყო აღნიშნული.

თავად „ფონდში“ფულის გათეთრების ბრალდებას უარყოფდნენ და მასობრივ ჩხრეკას პოლიტიკური მიზეზით ხსნიდნენ, კერძოდ, იმით, რომ ფონდმა გამოძიება ჩაატარა ძალისმიერი სტრუქტურების მაღალჩინოსანთა კორუფციული კავშირების გამოსააშკარავებლად.

რას ნიშნავს „უცხოეთის აგენტის“ რეესტრში მოხვედრა?

"უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. დოკუმენტების თანახმად, უცხოეთის აგენტების სიაში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაცია და საზოგადოებრივი მოძრაობა, თუ ისინი ფინანსურ დახმარება იღებენ საზღვარგარეთიდან და ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას.

  • რეესტრში მოხვედრილმა ორგანიზაციამ ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ, ინტერნეტსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში კი უნდა მიუთითოს, რომ არის უცხოეთის აგენტი. ამ კანონის უგულებელყოფა ითვალისწინებს ჯარიმას 300 ათასი რუბლის ოდენობით;
  • 2018 წლის ნოემბერში რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც ნებას აძლევს ხელისუფლებას უცხოეთის აგენტად მიიჩნიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. მოგვიანებით სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა შესწორებას, რომლითაც შესაძლებელი გახდა უცხოეთის აგენტებად ფიზიკური პირების მიჩნევა;
  • დღესდღეობით უცხოეთის აგენტების რეესტრში შეყვანილია 150-ზე მეტი არაკომერციული ორგანიზაცია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის: უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალი“, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, „ამერიკის ხმა“ და რუსულენოვანი არხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“.
  • რუსეთის სასამართლოების მიერ ბევრი ორგანიზაცია დაჯარიმდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG