საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მძიმე შემთხვევა უწოდა იმ ფაქტს, რომ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ ხუთ პირს შორის ორი პოლიციელი აღმოჩნდა.
საქმე ეხება 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობას, რომლის გამოძიების ფარგლებში, ორ პოლიციელს ბრალი წაუყენეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით.
„რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად მძიმე აღსაქმელი, მძიმე კომპონენტი, მძიმე შედეგი, მაგრამ ჩვენ ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთეული შემთხვევები ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაყენებს ჩრდილს ორმოცი ათას ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებას და მის ღირსებას“, - თქვა 10 ოქტომბერს გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ სამართალდამცავი დანაშაულს ჩადის, მიდგომა იქნება ბევრად უფრო მკაცრი, დაუნდობელი და შეურიგებელი: „ვერასოდეს ვერავინ ვერ დააყენებს ათასობით კეთილსინდისიერი პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობას და ღირსებას კითხვის ნიშნის ქვეშ ერთეული შემთხვევების გამო. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ერთეულ შემთხვევებსაც არ უნდა შევურიგდეთ“.
გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია რეფორმები სისტემური განახლების მიზნით და აუცილებელია, რომ პოლიციაში ფასეულობების დონეზე შეიცვალოს მიდგომები როგორც მოქალაქის, ფუნქცია-მოვალეობების და ქვეყნის წინაშე ვალდებულებების ნაწილში, ასევე პოლიციელების ყოველდღიური შრომის ეფექტურობის გასაზრდელად.