Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფგან მუხთარლის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო


ლეილა მუსტაფაევა და არჩილ ჩოფიკაშვილი
ლეილა მუსტაფაევა და არჩილ ჩოფიკაშვილი

გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა. მან შვილთან ერთად საქართველო 2017 წლის შემოდგომაზე დატოვა, ქმრის გატაცებიდან რამდენიმე თვეში.

10 ოქტომბერს, ლეილა მუსტაფაევამ თბილისში, „ადამიანის უფლებათა სახლში“ პრესკონფერენცია გამართა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად, რომელიც აფგან მუხთარლის და მისი ოჯახის ინტერესებს იცავს როგორც საქართველოში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, აზერბაიჯანის საპატიმროში მყოფი აფგან მუხთარლის მდგომარეობა საგანგაშოა. მუსტაფაევას თქმით, შვილთან ერთად გერმანიაში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი, რაც მათთვის პირველ ყოვლისა, უსაფრთხოდ ცხოვრებას ნიშნავს. თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ მათთვის უსაფრთხო არ იყო არც აზერბაიჯანში და არც საქართველოში ყოფნა.

„იმის ნაცვლად, რომ გამოძიება დაკავებულიყო დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების ძებნითა და იდენტიფიცირებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა ლეილა მუსტაფაევას მიმართ“, - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა. მისი შეფასებით, აფგან მუხთარლის ოჯახის წევრების მიერ გერმანიაში თავშესაფრის მიღება კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში ეფექტური რეაგირება არ მომხდარა. ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, გერმანიის გადაწყვეტილება გაუგზავნეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც დოკუმენტი საქმეს დაურთო.

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც უპასუხოდ დარჩა, იყო ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში გამოჩენილი, შავ პიჯაკში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც აუცილებლად უნდა გაერკვია გამოძიებას, თუ ვინ იყო და რა კავშირი ჰქონდა აფგან მუხთარლის გატაცებასთან. თუმცა გაირკვა, რომ ვიდეოჩანაწერი საერთოდ აღარ გაიხსნა. პროკურატურამ ჩაატარა ექსპერტიზა და ექსპერტებმაც ვერ დაადგინეს, რატომ არ იხსნებოდა ვიდეოჩანაწერი. ანუ აღმოჩნდა, რომ ერთი ძაფი, რომელიც ამ საქმეში იყო ხილული ჩვენთვის და ამ ძაფით შეიძლებოდა საქმის გამოძიება და ამ დანაშაულის გახსნა, ფაქტიურად აღარ არსებობს“, - თქვა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

ჟურნალისტი, მისი ადვოკატები და უფლებადამცველი ორგანიზაციები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.

აფგან მუხთარლი მიიჩნევს, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. ამას უარყოფს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა, საქმის გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

2017 წლის ზაფხულში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს, ”აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” პრიორიტეტი მიანიჭა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG